ინტერნეტის სიჩქარის გლობალური ინდექსის (Speedtest by Ookla Global Index) თანახმად, საქართველოს პოზიცია ორი ადგილით გაუარესდა და ფიქსირებული ინტერნეტის 26.60 მბ/წმ სიჩქარით 178 ქვეყნიდან 129-ე ადგილი დაიკავა. ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია (კომკომი) ავრცელებს.
ინტერნეტის სიჩქარის გლობალური ინდექსის თანახმად, 2023 წლის ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ფიქსირებულ ფართოზოლოვან ინტერნეტზე ჩამოტვირთვის საშუალო სიჩქარე 90.93 მბ/წმ, თითქმის 100 მბ/წმ-ია, როცა საქართველოში 26.60 მბ/წმ, რაც ფიქსირებული ინტერნეტის მაღალი ფასითაა გამოწვეული, რაც შეეხება მობილურ ინტერნეტს, მობილური ინტერნეტის საშუალო სიჩქარე კვლევის მიხედვით 49.25 მბ/წმ-ია.
საქართველოს ფიქსირებული დაბალსიჩქარიანი ინტერნეტის მიხედვით ისეთი ქვეყნების რიგებშია, როგორებიცაა: ბოსნია და ჰერცეგოვინა – 28.03 მბ/წმ, ინდონეზია – 27.87 მბ/წმ, მაროკო – 27.59 მბ/წმ, ბუტანი – 26.75 მბ/წმ, ტაჯიკეთი 26.35 მბ/წმ, ლესოთო – 25.37 მბ/წმ, ბენინი – 23.18 მბ/წმ, დასავლეთ საჰარა – 22.96 მბ/წმ და ჯიბუტი – 22.64 მბ/წმ. რაც შეეხება რეგიონს, საქართველო ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარით ჩამორჩება როგორც რუსეთს (58 ადგილი – 85.15 მბ/წმ.), სომხეთს (96 ადგილი – 49.86 მბ/წმ), ისე თურქეთს (109 ადგილი – 39.78 მბ/წმ), და აზერბაიჯანს (115 ადგილი – 35.25 მბ/წმ).
კვლევის მიხედვით, ფიქსირებულ ინტერნეტზე მაღალი სიჩქარით პირველ სამეულში სინგაპური (270.62 მბ/წმ.), ჰონკონგი (266.63 მბ/წმ.) და მონაკო (264.97 მბ/წმ.) არიან, ხოლო მობილურ ინტერნეტზე ყველაზე მაღალი სიჩქარე გაერთიანებულ საამიროებს (303.21 მბ/წმ.), კატარს (244.44 მბ/წმ) და კუვეიტს (183.83 მბ/წმ.) აქვთ.
რაც შეეხება მობილურ ინტერნეტს, საქართველოს პოზიცია წინა წელთან შედარებით 6 საფეხურით გაუმჯობესდა და 146 ქვეყნიდან 37.78 მბ/წამიანი მობილური ინტერნეტის სიჩქარით 66-ე ადგილი დაიკავა.
მობილური ინტერნეტის დაბალი სიჩქარის კუთხით, ისეთი ქვეყნების რიგებშია, როგორიცაა: ბოტსვანა 40.61 მბ/წმ, ისრაელი – 40.56 მბ/წმ, მავრიტანია – 40.19 მბ/წმ, ჩილე – 37.65 მბ/წმ, მაროკო – 37.56 მბ/წმ, თურქეთი – 36.10 მბ/წმ, უგანდა – 35.14 მბ/წმ, ყაზახეთი – 35.07 მბ/წმ, მოლდოვა 34.75 მბ/წმ სიჩქარით. მობილური ინტერნეტის სიჩქარით კი საქართველო მხოლოდ აზერბაიჯანს (59 ადგილი, 43.80 მბ/წმ.) ჩამორჩება, ხოლო თურქეთს (69 ადგილი – 36.10 მბ/წმ), სომხეთს (92 ადგილი – 26.43 მბ/წმ.) და რუსეთს (99 ადგილი – 24.47 მბ/წმ.) უსწრებს.