გლოვიდან გლოვამდე – რას ვერ ვსწავლობთ სტიქიური მოვლენებისგან?

Published:

უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში სტიქიურ მოვლენებს რამდენიმე უმნიშვნელოვანესი, ტრაგიკული თარიღი უკავშირდება – 2015 წლის 13 ივნისიდან 2024 წლის 7 თებერვლამდე სტიქიურ მოვლენებს 50-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

მეწყრული და ღვარცოფული მოვლენები გლობალური დათბობის თანმდევია, განსაკუთრებით ბოლო წლებში, როდესაც ჰაერის ტემპერატურა უჩვეულოდ მაღალი ფიქსირდებოდა.

ჩვენს რეალობაში გლობალური დათბობის გარდა, გასათვალისწინებელია, რომ კავკასიონის მთა სისტემა ახალგაზრდად ითვლება, სადაც მეწყრული პროცესები გასაკვირი არ უნდა იყოს. თუმცა მთავარი კითხვა ისაა, შეიძლება თუ არა ამ პროცესების მართვა ისე, რომ სტიქიური მოვლენა მსხვერპლის გარეშე დასრულდეს.

უკანასკნელი სტიქიური მოვლენა, რომელიც მსხვერპლით დასრულდა 2024 წლის 7 თებერვალს, სოფელ ნერგეეთს დაატყდა თავს. სამძებრო სამუშაოების შედეგად ნაპოვნია 8 ადამიანის ცხედარი, 1 დაკარგულს კი ამ დრომდე ეძებენ. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ აღნიშნული მოვლენის შესახებ წინასწარი ცნობები არსებობდა ჯერ კიდევ 2022 წელს. ამ ცნობების მიხედვით, გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებდა, რომ 2023 წლისთვის მეწყრული პროცესები სწორედ ბაღდათის სოფლებში იყო მოსალოდნელი. ამავე ინფორმაციაში მოხსენიებული იყო სოფელი ნერგეეთიც.

თუ აღნიშნული ინფორმაცია დადასტურდა, საქმე გვაქვს სავარაუდო სამსახურეობრივ გულგრილობასთან სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან. მეტიც, ჩნდება კითხვა – ზამთრისთვის უჩვეულო მეწყრული პროცესების თავიდან აცილება თუ ვერ შეძლო სახელმწიფომ, შეძლებს თუ არა გაზაფხულზე, როდესაც მართლაც არის სტიქიური მოვლენების განვითარების საფრთხე, მოსახლეობა არ დატოვოს მოწყვლად მდგომარეობაში.

დასკვნის სახით აუცილებლად აღსანიშნია, რომ ევროპულ სახელმწიფოებში სტიქიური მოვლენების მართვის პრაქტიკა მრავალი წელია არსებობს. მაგალითად, ალპური მთა სისტემის ქვეყნებში, ადრეული გამაფრთხილებელი სისტემის გამოყენებით არაერთხელ ააცილეს მოსახლეობას თავიდან მოსალოდნელი ზარალი და მსხვერპლი.

გლობალური დათბობა როგორც მსოფლიოსთვის, ისე საქართველოსთვის მთავარი გამოწვევა იქნება მომავალი წლების განმავლობაში, თუმცა საჭიროა ადაპტაცია და თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით, როგორც მოსალოდნელი მსხვერპლის და ზარალის გათვლა, ისე თავიდან აცილებისთვის მაქსიმალური ზომების მიღება.

სტატიის ავტორი: ნიკო ჩაბაიძე

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img