პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის რანგში პარლამენტის წინაშე წარდგომა ჩემთვის საკმაოდ ემოციურია, 8 წლის განმავლობაში ვიყავი პარლამენტის წევრი და დღეს ვტოვებ პარლამენტის შემადგენლობას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, მას დემოკრატიული კონსტიტუციური ინსტიტუტის მიმართ განსაკუთრებული პატივისცემა და დამოკიდებულება აუცილებლად გაჰყვება მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე საქმიანობის პერიოდშიც.
„პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის რანგში საქართველოს პარლამენტის წინაშე წარდგომა ჩემთვის საკმაოდ ემოციურია. თითქმის, 8 წლის განმავლობაში ვიყავი პარლამენტის წევრი და დღეს ვტოვებ პარლამენტის შემადგენლობას. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩემი საპარლამენტო წარსულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის, როგორც წამყვანი დემოკრატიული კონსტიტუციური ინსტიტუტის მიმართ განსაკუთრებული პატივისცემა და დამოკიდებულება აუცილებლად გამყვება მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე საქმიანობის პერიოდში.
მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩვენი საპარლამენტო გუნდის თითოეულ წევრს, რომლებთან ერთადაც ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გავაკეთეთ. ინსტიტუციურად გავაძლიერეთ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, მივიღეთ კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომელიც სრულად შეესატყვისება ევროპული კონსტიტუციონალიზმისა და საპარლამენტო დემოკრატიის უმაღლეს სტანდარტებს. ვახორციელებდით უმნიშვნელოვანეს ცვლილებებს, რომელიც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, ინსტიტუციურ გაძლიერებას, მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვას, ეკონომიკის ზრდას, სხვადასხვა დარგის განვითარებას და საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას ემსახურებოდა. ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა ჩვენი საპარლამენტო გუნდის ერთიანობით, თითოეული თქვენგანის პრინციპულობით, პატრიოტიზმითა და ქვეყნის ინტერესების ერთგულებით, დიდი მადლობა თქვენ გუნდურობისა და მეგობრობისთვის“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.