პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესში დაგეგმილი ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო

Published:

რამდენიმე საათიანი დისკუსიისა და დებატების შემდეგ, პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესში დაგეგმილ ცვლილებებს კენჭი უყარა.

“საარჩევნო კოდექსსა“ და პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტი 81-ხმით, 7-ის წინააღმდეგ, მეორე მოსმენით მიიღეს.

მმართველი უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივის გათვალისწინებით, ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი და კვორუმი კიდევ ერთხელ იცვლება – მათი არჩევის პროცესში ხმათა 3/5-იანი კვორუმი შემოდის.

კანონპროექტი ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის 3-ეტაპიან პროცესს ითვალისწინებს. პროექტით, პირველ კენჭისყრაზე 90 ხმა იქნება საჭირო. იმ შემთხვევაში, თუკი 90 ხმა ვერ იქნება უზრუნველყოფილი, არჩევა 76 ხმით მოხდება.

კონკრეტული კანდიდატებისთვის 76 ხმით მხარდაჭერის მიღება ორჯერ იქნება შესაძლებელი და 76 ხმით არჩეული კანდიდატები უფლებამოსილების განხორციელებას 5 წლის ვადით დაიწყებენ.

იმ შემთხვევაში კი, თუ პარლამენტში ვერც 76 ხმა მოგროვდება და პარლამენტი კანდიდატებს ვერც ერთი კენჭისყრის შედეგად ვერ აირჩევს, საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტს გადაეცემა. კერძოდ, ცვლილებებით, პრეზიდენტს კენჭისყრიდან ერთ კვირაში კონკურსში მონაწილე პირთა სია და საკონკურსო დოკუმენტაცია გაეგზავნება. პრეზიდენტი უფლებამოსილი იქნება, აღნიშნული სიისა და დოკუმენტაციის მიღებიდან ერთ კვირაში, სიაში შემავალ პირთაგან, 5 წლის ვადით კანდიდატები დანიშნოს.

ამასთან, ძალაში რჩება საარჩევნო კანონმდებლობასა და პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებები, რომლის მიხედვით, კანდიდატების შესარჩევ კონკურსს პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარე გამოაცხადებს და ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების კანდიდატურებს პარლამენტს, პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს.

გარდა ამისა, დაგეგმილი ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა უქმდება, რომელზეც პირი ცესკოს პარტიულ წევრთაგან ინიშნება და რომელიც საკუთრივ ოპოზიციის კვოტას წარმოადგენს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img