რუსთავის ბაზარში მომხდარი დანაშაულის საქმეზე დაკავებულების აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს. 35 წლის გიორგი ორველაშვილსა და მის ძმას ბრალი გუშინ წარედგინათ.
ორველაშვილი სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მისი ძმის დაკავების მიზეზი კი, გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულის იარაღია. დგინდება, რომ იარაღი, საიდანაც ორველაშვილმა გაისროლა, სწორედ მის ძმას ეკუთვნის. სროლის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაიჭრა. საქმის პროკურორის, ქეთევან სონიძის განცხადებით, დანაშაულის ჩადენის მოტივი შურისძიება გახდა.
მისივე თქმით, ელოდებიან ექსპერტიზის დასკვნას, რომელმაც უნდა დაადგინოს ბრალდებული შერაცხადია თუ შეურაცხადი.
“დანაშაულის მოტივი იყო შურისძიება. კერძოდ, გიორგი ორველაშვილმა შურისძიების მოტივით განიზრახა საკუთარი ბიძის, ნოდარ ორველაშვილის მკვლელობა. მათ შორის კონფლიქტი უკავშირდებოდა ბრალდებულის ცუდ სიმთვრალეს. ახალ წლამდე პერიოდში მას კონფლიქტი მოუხდა ბიძასთან, ნოდარ ორველაშვილთან, რომელთანაც გამყიდველად მუშაობდა ბაზარში, ბიძამისმა დაითხოვა ის სამსახურიდან, იყო შემთხვევები, როდესაც მან დახარჯა ე.წ. სავაჭრო თანხა, რომელიც გამიზნული იყო ბაზარში ვაჭრობისთვის.
უახლოეს მომავალში ველოდებით ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნას, რომელმაც უნდა დაადგინოს ბრალდებული იყო შერაცხადი თუ შეურაცხადი, შესაბამისად, უნდა გადაწყდეს საკითხი მისი დასჯის, ან იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის თაობაზე. იქცევა ადეკვატურად. მონაწილეობას ნებაყოფლობით იღებდა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში, მათ შორის აღიარებს დანაშაულს.ძმასთან დაკავშირებითაც ვითხოვთ პატიმრობას. მან ჩაიდინა გაუფრთხილებელი დანაშაული, ვინაიდან მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა დაუდევრად სანადირო იარაღის შენახვას. ბრალდების მხარემ სწორედ ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება მის მიმართაც პატიმრობის მოთხოვნის თაობაზე”, – განაცხადა საქმის პროკურორმა.