პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, პირველი ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება დაეკისრება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს – განაცხადა ირაკლი კობახიძემ .
„დღეს იმართება მთავრობის პირველი სხდომა ახალი შემადგენლობით. მინდა ყველას წარმატებები გისურვოთ. წინა წლების განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა თითოეული თქვენგანის მონაწილეობით ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და ამისთვის კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ. ასევე, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს 3 წლის განმავლობაში მთავრობის მეთაურობისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ბევრი რამის გაკეთებისთვის.
რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილება მინდა გავაცნო საზოგადოებას. უკვე ცნობილია, რომ პირველი ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება დაეკისრება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს. მას წარმატებები მინდა ვუსურვო. კულტურისა და სპორტის მინისტრს, თეა წულუკიანს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა. აგრეთვე, თავდაცვის მინისტრს ირაკლი ჩიქოვანს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება. გვაქვს ცვლილება ასევე მთავრობის ადმინისტრაციაში. მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი გახდება მიხეილ ფეიქრიშვილი“,-განაცხადა კობახიძემ.