სასწრაფოდ გამოაქვეყნეთ ყველა განკარგულება, რომელიც პორტალზე ატვირთული არ არის – გახარიას პერიოდის იქნება თუ ღარიბაშვილის და სასწრაფოდ მოგვაწოდეთ ყველა ის აქტი, რომელიც მოთხოვნილია სადეპუტატო კითხვით და თქვენი წინამორბედი კონსტიტუციის დარღვევით მალავდა! – ამის შესახებ განცხადება პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა მედიასთან, პარლამენტში გააკეთა.
ბუჩუკური აცხადებს, რომ გახარიას პრემიერ-მინისტრობის პერიოდში განკარგულებები 26 გვერდზეა ატვირთული, ხოლო ნაწილი ვებ-გვერდის რეკონსტრუქციის გამო არ გამოქვეყნდა.
მისივე თქმით, ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობისას, მაშინ, როცა არც ერთი განკარგულება არ გამოქვეყნებულა, სადეპუტატო კითხვების მეშვეობით ითხოვდნენ მათ გადმოცემას, თუმცა არ მიაწოდეს.
„ახლად გადასმული კობახიძე ცდილობს კორუფციასთან მებრძოლის იმიჯი მოიპოვოს რამენაირად და ვნახეთ მისი არაერთი განცხადება. ღიმილისმომგვრელი იყო მათ შორის „ოცნების“ იმ წარმომადგენელთა განცხადებები კორუფციასთან ბრძოლაზე, რომლებიც წარმოადგენენ კალაძე-კობახიძის დაჯგუფებას. ვნახეთ განცხადებებიც, რომ მთავრობის განკარგულებების სამთავრობო პორტალზე გამოქვეყნების შეჩერებას უკავშირებენ გიორგი გახარიას. შესაბამისად, მივმართავთ საჯაროდ და წერილობითაც გავუგზავნით ამ მოთხოვნას კობახიძეს – სასწრაფოდ გამოაქვეყნეთ ყველა ის განკარგულება მთავრობის, რომელიც პორტალზე ატვირთული არ არის. სასწრაფოდ გაგვეცით პასუხი კონსტიტუციის დარღვევით ღარიბაშვილის დაიგნორებულ სადეპუტატო კითხვებზე, რომლითაც ჩვენი გუნდი სხვადასხვა ეტაპზე, ბოლო 3 წლის განმავლობაში ითხოვდა მთავრობის დამალული განკარგულებების გადმოცემას. სასწრაფოდ გამოაქვეყნეთ ყველა ეს განკარგულება გახარიას პერიოდის იქნება თუ ღარიბაშვილის და სასწრაფოდ მოგვაწოდეთ ყველა ის განკარგულება, რომელიც მოთხოვნილია სადეპუტატო კითხვით და თქვენი წინამორბედი კონსტიტუციის დარღვევით მალავდა. 2020 წლის განმავლობაში, როცა გახარია იყო პრემიერ-მინისტრი 26 გვერდად არის გამოქვეყნებული განკარგულებები, ღარიბაშვილის დანიშვნის მომენტიდან დღევანდელი დღის ჩათვლით კი ნული განკარგულებაა გამოქვეყნებული,“ – აცხადებს ბუჩუკური.