2024 წლის არჩევნები, ქვეყანაში მიმდინარე შიდა პოლიტიკური პროცესები და ევროკომისიის 9 დათქმა – დასავლელმა პარტნიორებმა პოლიტიკურ პარტიებთან მოლაპარაკებები დაიწყეს. ევროკავშირის საელჩოში პირველი შეხვედრა ევროკავშირის წევრი ქვეყნის ელჩებს ნაციონალური მოძრაობის ლიდერებთან ჰქონდათ.
პაველ ჰერჩინსკიმ და სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატებმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისგან მიიღეს ინფორმაცია რა ხდება ქვეყანაში, რას აპირებს ოპოზიცია, როგორია წინასაარჩევნო პროცესები და როგორ და რა ფორმით ჩაერთვება ამ პროცესებში მიხეილ სააკაშვილი.
დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა იყო რეკომენდაციები, რომლის შესრულებასაც დასავლეთი საქართველოსგან ელოდება და რომლის პრინციპულად მთავარი მოთხოვნა არჩევნების თავისუფალ გარემოში ჩატარებაა.
“ევროკავშირის ელჩთან და ევროკავშირის ქვეყნების ელჩებთან გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა და ვისაუბრეთ სამ პრიორიტეტზე
და გამოწვევაზე, რომელიც აქვს „გამარჯვების კოალიციას“, „ნაციონალურ მოძრაობას“.
წარმოუდგენელია, კონკურენტულ უნარიანად შეფასდეს არჩევნები, როცა მთავარი ოპოზიციონერი, პრეზიდენტი სააკაშვილი არის ციხეში.
ჩვენ ჩვენს პარტნიორებს მივაწოდეთ სამასამდე იდენტიფიცირებული უბანი, სადაც ივანიშვილის პარტია ახერხებს მანიპულაციებს და იწერს შედეგებს, ასეთი უბანი საქართველოში არის სამასამდე, სადაც „ქართულ ოცნებას“ თითქოს და აქვს 90-95 პროცენტიანი მხარდაჭერა, ამიტომ ეს ინფორმაცია დეტალურად მივაწოდეთ.
და მესამე მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც ამ რამდენიმე საათის განმავლობაში ვსაუბრობდით, ეს არის საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობები და როგორ უნდა გახდეს საქართველო ეკონომიკურად წარმატებულო ქვეყანა, საიდანაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში კი არ გარბიან ჩვენი მოქალაქეები, არამედ საქართველოში აქვთ ღირსეული შემოსავალი, საქართველოა ევროკავშირის წევრო ქვეყანა, ამაზე ვიმსჯელეთ, თუ როგორი მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური კეთილდღეობა და ის, რომ საქართველოს მოქალაქეს ჰქონდეს ღირსეული შემოსავალი.
უმნიშვნელოვანესია 2024 წლის არჩევნები და უნდა გვესმოდეს, რომ ეს არჩევნები განსაზღვრავს საქართველოს კურსს და ეს კარგად ესმის მოქალაქეს და ჩვენს პარტნიორებსაც, ამიტომ ცხადია მნიშვნელოვანი რომ არის ეს არჩევნები, ამიტომ გვქონდა ეს შეხვედრა და ამ თემაზე დისკუსია. ჩვენი პარტნიორებისგან არსებობს მზაობა არჩევნებზე დაკვირვების და საქართველოს მოქალაქეს ვპირდები, რომ ივანიშვილის მანიპულაცია ვერ შეძლებს მანიპულაციას, მთავარია, რომ ქართველი ხალხი მივიდეს არჩევნებზე, ამიტომ ჩვენი პარტნიორები არიან ისეთი აქტიურები და ისეთი ინტერესით, როგორც არასდროს არ ყოფილა, ახლა იქნება ისეთი დაკვირვება არჩევნებზე, მათ შორის ჩვენი და ჩვენი პარტნიორების მხრიდან, როგორიც არ ყოფილა არასდროს, უპრეცედენტოდ მობილიზებულები ვიქნებით ჩვენც და ჩვენი პარტნიორებიც და ეს შეხვედრაც ემსახურებოდა იმას, რომ დეტალური ინფორმაცია მიგვეწოდებინა რომელ ქალაქში, რომელ მუნიციპალიტეტში, რომელ სოფელში, რომელ საარჩევნო უბანზე გვჭირდება უფრო მეტი ყურადღება, ამიტომ ძალიან საქმიანი შეხვედრა იყო, ამ შეხვედრის შემდეგ განწყობა ძალიან ოპტიმისტურია, რადგან ჩვენი პარტნიორები არ აპირებენ დატოვონ ქართველი ხალხი მარტო ივანიშვილის პარტიასთან,“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.