არ შევქმნათ შთაბეჭდილება, რომ 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებული სამუშაო მეტრებით ან კილოგრამებით იზომება – არ მგონია, კონკრეტული თარიღების დასახელება 9-ვე ნაბიჯთან დაკავშირებით იყოს რელევანტური, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
რაც შეეხება ოპოზიციის ჩართულობას სამუშაო პროცესში, სარჯველაძე აცხადებს, რომ მათ მიერ პირველი შეხვედრისას გაკეთებული განცხადებები „იმედიანად ყოფნის საფუძველს არ აძლევს“, თუმცა, ვისაც „კონსტრუქციული ჩართულობის“ სურვილი აქვს, ამის შესაძლებლობა ექნება.
„არ შევუქმნათ საზოგადოებას შთაბეჭდილება, რომ ეს არის კონკრეტული სამუშაო, რომელიც მეტრებით ან კილოგრამებით იზომება. ეს არის პროცესი. მათ შორის, მაგალითად, ბრძოლის გააქტიურება იმ მიმართულებით, რასაც ჰქვია ევროკავშირის ღირებულებების წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანია. ეს არ არის ისეთი რამ, რასაც შეიძლება დროის კონკრეტულ მონაკვეთში შესრულება ჰქონდეს გათვალისწინებული. ჩვენ შევეცდებით აუცილებელი ნაბიჯები, რომელიც გამოიკვეთება მუშაობის პროცესში გადავდგათ გაზომვადი დროის განმავლობაში. თუმცა, ეს შეიძლება იყოს დაუსრულებელი პროცესი. იგივე შეიძლება ითქვას, მაგალითად კორუფციული რისკების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით და სხვა. აქედან გამომდინარე მე არ მგონია, კონკრეტული თარიღების დასახელება 9-ვე ნაბიჯთან დაკავშირებით იყოს რელევანტური”, – განაცხადა სარჯველაძემ.