სამართალდამცავებმა 27 მილიონი ევროს მითვისებაში ეჭვმიტანილი სტეპუკონისი დააკავეს

Published:

12 თებერვალს, ლიეტუვას სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს და დაკითხეს „ბალტკაპის საინვესტიციო ფონდის“ („BaltCap Infrastructure Fund“) ყოფილი პარტნიორი, შარუნას სტეპუკონისი, რომელიც მილიონობით ევროს მითვისებაშია ეჭვმიტანილი.

ვილნიუსის საქალაქო სასამართლოს პრეს-მდივანმა, გიდრიუს იანონისმა სააგენტო BNS-ს განუცხადა, რომ მისმა უწყებამ სტეპუკონისის ორი კვირით დაკავების ნებართვა გასცა.

სტეპუკონისის დაკავების ფაქტი ევროპის პროკურატურის წარმომადგენელმა, დარიუს კარჩინსკასმაც დაადასტურა, რომელიც ამ საქმეზე წინასწარ გამოძიებას აწარმოებს.

„შემიძლია დავადასტურო, რომ ეჭვმიტანილი სტეპუკონისი დაკავებულია“, – განაცხადა მან.

კარჩინსკასის თქმით, პროკურატურამ სტეპუკონისის ორი თვით დაკავება მოითხოვა, თუმცა, სასამართლოს მიერ ორი კვირით დაკავების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ აპირებს.

„ორ კვირის განმავლობაში პროცესუალური ქმედებების განხორციელებების შემდეგ, გადავწყვეტთ, არსებობს თუ არა სტეპუკონისის დაკავების გაგრძელების საფუძველი და თუ მივიჩნევთ, ამის საფუძველი არსებობს, მაშინ სასამართლოს დაკავების ვადის გაგრძელების თხოვნით მივმართავთ“, – განუცხადა მან BNS-ს.

მედიის ცნობით, სტეპუკონისი, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, უკრაინაში იმყოფებოდა. ლიეტუვაში ის ნებაყოფლობით დაბრუნდა და შაბათს, 10 თებერვალს დააკავეს.

ლიეტუვას ფინანსური დანაშაულების გამოძიების სამსახური (FNTT) სტეპუკონისის მიმართ ორ წინასწარ გამოძიებას აწარმოებს. ერთ-ერთ მათგანში ის 27 მილიონ ევროზე მეტი ოდენობის თანხის გაფლანგვაში ეჭვმიტანილად არის დასახელებული.

კიდევ ერთი წინასწარი გამოძიება, რომელიც 2022 წელს დაიხურა, გასულ კვირას ხელახლა გაიხსნა და ის, პოლონური კომპანიის აქციების სავარაუდო გაყიდვის სანაცვლოდ, სტეპუკონისისთვის 3,9 მილიონი ევროს გადაცემას უკავშირდება.

ამჟამად მიმდინარეობს მსჯელობა ამ ორი საქმის გამოძიების გაერთიანების შესახებ. ორივე საქმის გამოძიებას FNTT აწარმოებს, ხოლო ზედამხედველობას ევროპის პროკურატურა უწევს.

მიჩნეულია, რომ სტეპუკონისმა მითვისებული ფულის ნაწილი კაზინოში წააგო.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img