კიდევ ერთი ცნობილი და ყველასათვის საყვარელი პიროვნება გამოაკლდა წუთისოფელს – ჩვენი ხალხის მეხსიერებაში იგი „ნატვრის ხის” გმირად დარჩება, – ასე მიუსამძიმრა საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქმა ილია მეორემ სოსო ჯაჭვლიანისა და ოჯახს, ახლობლებსა და გულშემატკივრებს ცნობილი ქართველი მსახიობისა და რეჟისორის გარდაცვალება.
როგორც პატრიარქის სამძიმრის წერილშია ნათქვამი, სოსო ჯაჭვლიანი სიკეთის, სიყვარულის, ერთგულების და ვაჟკაცობის მაგალითს იძლეოდა.
„კიდევ ერთი ცნობილი და ყველასათვის საყვარელი პიროვნება გამოაკლდა წუთისოფელს. დღეს სოსო (იოსებ) ჯაჭვლიანი ეთხოვება სამზეოს და მარადიულ ცხოვრებას იწყებს.
მიუხედავად მრავალმხრივი შემოქმედებითი ცხოვრებისა და სპორტული მიღწევებისა, ჩვენი ხალხის მეხსიერებაში იგი მაინც ,,ნატვრის ხის” გმირად დარჩება, რადგანაც თვითონაც გედიას მსგავსად, სიკეთის, სიყვარულის, ერთგულების და ვაჟკაცობის მაგალითს იძლეოდა.
აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო თქვენ, – ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკივართ, – მოგმადლოთ მშვიდობა და სოსო-იოსებისთვის ლოცვის ძალა“,- ნათქვამია სამძიმრის წერილში.
ცნობილ ქართველ მსახიობსა და რეჟისორს, ყოფილ დეპუტატსა და მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტ სოსო ჯაჭვლიანს დღეს დაკრძალავენ.