საპენსიო სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, 2024 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, აკუმულირებული საპენსიო აქტივების მოცულობამ 4.5 მლრდ ლარს, ხოლო ჯამურმა დაგენერირებულმა ამონაგებმა 896.5 მლნ ლარს მიაღწია.
სააგენტოს ცნობით, აქედან, გლობალური აქციების წილი ჯამურ საპენსიო აქტივებში 18.8% იყო.
საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდისთვის აქტივების პორტფელის 45.8% ჩრდილოეთ ამერიკაშია ინვესტირებული, 18.5% – განვითარებული აზიის რეგიონში, ხოლო 17.6% – ევროპაში.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის იანვარში საქართველოში ნულოვანი წლიური ინფლაცია დაფიქსირდა, ხოლო თვიურმა ინფლაციამ 0.3% შეადგინა, რის გამოც ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის 31 იანვრის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი 0.5% პროცენტული პუნქტით – 9%-მდე შეამცირა.
საპენსიო სააგენტოში მიიჩნევენ, რომ დაბალი ინფლაცია და კლებადი საპროცენტო განაკვეთები დადებით გავლენას ახდენს საპენსიო სააგენტოს ფიქსირებული შემოსავლიანობის მქონე აქტივების რეალურ ამონაგებზე.
საპენსიო ფონდის ჯამური რეალური ამონაგები, დღიდან სააგენტოს დაარსებისა, 14.8% შეადგინა.
საპენსიო სააგენტოს მიერ გავრცელებული მიმოხილვის თანახმად, იანვარში ჯამური რეალური ამონაგები პორტფელების მიხედვით შემდეგია:
• კონსერვატიული პორტფელი: 14.77%
• დაბალანსებული პორტფელი: 3.93%
• დინამიკური პორტფელი: 4.10%
პორტფელების მიხედვით იანვრის ამონაგები შემდეგნაირად გამოიყურება:
• კონსერვატიული პორტფელი: ნომინალური ამონაგები 0.61%-ია, ხოლო რეალური ამონაგები (ინფლაციის გათვალისწინებით) 0.29%
• დაბალანსებული პორტფელი: ნომინალური ამონაგები 0.98%, ხოლო რეალური ამონაგები (ინფლაციის გათვალისწინებით) 0.65%
• დინამიკური პორტფელი: ნომინალური ამონაგები 1.01%, ხოლო რეალური ამონაგები (ინფლაციის გათვალისწინებით) 0.68%.