“ხალხის ძალის” ლიდერი, უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი გამოეხმაურა მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ “მართალია ის პროკურორი არ არის, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი არჩევნების შემდეგ იქნება მოსკოვში”.
სოზარ სუბარი ამბობს, რომ ხაზარაძემ, რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლის ფუჭი ამბიცია აქვს, პროკურატურის ფუნქციებზე წარმოდგენა არ აქვს.
“ხაზარაძე, რომელიც შეზრდილი იყო ნაცმოძრაობასთან და რეჟიმის მთავარი “ჰალსტუხიანი რეკეტიორი” იყო, ახლა ცდილობს მკვლელებს და მწამებლებს გაემიჯნოს, რაც გამორიცხულია. საზოგადოებამ კარგად იცის მისი წარსული. მეორე უბედურება ის არის, რომ ხელისუფლებაში მოსვლის ამბიცია აქვს და პროკურატურის ფუნქციებში ვერ ერკვევა, ელემენტარული ისიც კი არ იცის, რა უფლებამოსილება აქვს ამ ინსტიტუციას. მეორე მხრივ, მისი სიტყვები, რომ ეს არის პოლიტიკური გზავნილი – დამაფიქრებელია. ხაზარაძე პირდაპირ ამბობს, რომ თუ სათავეში დაბრუნდება, შექმნის ისეთ პოლიტიკურ დღის წესრიგს, სადაც მისთვის მიუღებელ ადამიანს ამ ქვეყანაში არ დაედგომება. ეს არაფერია, თუ არა ნაცმოძრაობის რეჟიმის ხელწერა, რაც ასევე მისი ხელწერაცაა”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.