რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებას არ ნანობს და მიიჩნევს, რომ ნატო საჭირო აღარ არის.
14 თებერვალს, ღამით კრემლმა გამოაქვეყნა ინტერვიუ, რომელიც პუტინმა მისცა რუსეთის სახელმწიფო ტელეკომპანია „როსია 1“-ის ჟურნალისტ პაველ ზარუბინს. მისი შეკითხვების ნაწილი ეხება ინტერვიუს, რომელიც რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტმა მისცა ამერიკელ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონს.
პუტინმა დასავლეთის ლიდერები დაადანაშაულა კარლსონთან ინტერვიუში ნათქვამი სიტყვების დამახინჯებაში, რადგან რუსეთის პრეზიდენტის მტკიცებით, არ უთქვამს, რომ უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყება დაკავშირებულია რუსეთზე ნატოს თავდასხმის საფრთხესთან“.
პუტინის თქმით, რუსეთს „მუდმივად ატყუებდნენ აღმოსავლეთით ნატოს არგაფართოების თვალსაზრისით“ და მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვს დღესაც აშფოთებს ნატოში უკრაინის „ჩათრევის“ შესაძლებლობა, „უშუალო ტრიგერად“ იქცა მინსკის შეთანხმებებზე უკრაინის ხელისუფლების უარი. ზარუბინთან ინტერვიუში პუტინმა ისიც განაცხადა, რომ ნატოს არსებობას საერთოდ, აზრი აღარ აქვს და მხოლოდ აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტად რჩება.
რუს პროპაგანდისტ ჟურნალისტთან ინტერვიუში პუტინმა ისევ ილაპარაკა, თუ როგორ ძალადობდა კიევი დონბასზე და როგორ გადაარჩინა მოსკოვმა დონბასელები მათი „დამოუკიდებლობის აღიარებით” და შემდეგ რუსეთის ტერიტორიად გამოცხადებით.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომი „სპეციალურ სამხედრო ოპერაციად აქვს“ გამოცხადებული და საჯარო სივრცეში ომის ხსენება აკრძალულია, პუტინმა ეს სიტყვა თავად გამოიყენა.
„ჩვენ ომი კი არ დაგვიწყია, მხოლოდ მის შეწყვეტას ვცდილობთ“, – განაცხადა პუტინმა. მისივე თქმით, პირველ ეტაპზე ამას ცდილობდნენ დონბასის საკითხის მოგვარებით მინსკის სამშვიდობო შეთანხმებების დახმარებით, თუმცა, გაირკვა, რომ შუამავალი გერმანია და საფრანგეთი ატყუებდნენ და უბრალოდ, დრო მოიგეს იმისთვის, რომ „უკრაინის რეჟიმი იარაღით დამატებით გაებერათ“.
„ერთადერთი, რაც შეგვიძლია ვინანოთ ის არის, რომ აქტიური მოქმედებები ადრე არ დავიწყეთ, რადგან მიგვაჩნდა, რომ საქმე წესიერ ხალხთან გვაქვს“, – განაცხადა პუტინმა.
· რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
· პრეზიდენტმა პუტინმა “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზნად გამოაცხადა უკრაინის “დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია”.
· უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების “დამოუკიდებლობის” აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
· 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
· 2014 წლიდან რუსეთს ანექსირებული აქვს უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული
დაწერეთ კომენტარი
პუტინი ნანობს, რომ უკრაინაში ომი ადრე არ დაიწყო
Published: