“გაუქმდეს დემონტაჟის ბრძანება” – რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების პროტესტი გრძელდება. ისინი რუსთაველის მეტროდან პარლამენტის შენობისკენ საპროტესტო მსვლელობას მართავენ და მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.
მედიკოსების ნაწილი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეთავაზებულ კომპენსაციებს არ თანხმდება. მათი მოთხოვნა კი უცვლელია – გაუქმდეს კლინიკის დემონტაჟის გადაწყვეტილება და შემდგომში მისაღები გადაწყვეტილებები მთავრობამ უშუალოდ კლინიკის მედპერსონალის ჩართულობით განიხილოს.
მედიკოსებმა მთავრობის გადაწყვეტილება და რეორგანიზაციის პროცესი საქალაქო სასამართლოშიც გაასაჩივრეს. როგორც ისინი ამბობენ სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო, თუმცა აღსრულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ საავადმყოფოს დემონტაჟის გადაწყვეტილების შეჩერება არ მოხდება.
22 იანვარს ცნობილი გახდა, რომ მთავრობამ რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟის და მის ბაზაზე ახალი კლინიკის აშენების გადაწყვეტილება მიიღო. მედპერსონალის ნაწილი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ახალი საავადმყოფოს აშენების საკითხს.ჯანდაცვის სამინისტრო კი აცხადებს, რომ შენობა ავარიულია და საჭიროა მისი დანგრევა.
უწყების ინფორმაციითვე, კლინიკის 250-მდე თანამშრომელმა სამინისტროს მიერ შეთავაზებული საკომპენსაციო პაკეტი უკვე აირჩია და ხელიც მოაწერა, თუმცა, ექიმების თქმით, ისინი ვინც შეთავაზებას დათანხმდა, უმეტესად ტექნიკური და ადმინისტრაციული პერსონალია.