რუსული უფლებადამცველი ორგანიზაციის ცნობით, ალექსეი ნავალნის სიკვდილის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, აქციებზე სამართალდამცველებმა 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.
როგორც „ოვდ-ინფო” იუწყება, სტიქიური აქციები რუსეთის 8 ქალაქში გაიმართა და პოლიციამ მოქალაქეები დააკავა მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში, კრასნოდარში, ტვერში, ტაგანროგში, ნიჟნი ნოვგოროდში, როსტოვსა და მურმანსკში.
ცნობისთვის, 16 თებერვალს რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ გარდაიცვალა რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი. გავრცელებული ცნობით, ის ციხეში გასეირნების შემდეგ შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა. რუსული სახელმწიფო მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ნავალნის სიკვდილის მიზეზი, სავარაუდოდ, თრომბი იყო. ოფიციალურად ეს ცნობა არავის დაუდასტურებია. მომხდარის შემდეგ ნავალნის ადვოკატი დასახლება ხარპში გაემგზავრა, სადაც მდებარეობს კოლონია, რომელშიც ნავალნი იხდიდა სასჯელს.