პუტინისთვის ხმის მიცემა მკვლელის არჩევას ნიშნავს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტი ამ განცხადებით კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ალექსეი ნავალნის სიკვდილს.
“თქვენთან ერთად ვხედავთ, რომ მკვლელი არჩევნებში მონაწილეობს. ადამიანებმა, ვინც მას ხმას მისცემენ, ნათლად უნდა გაიგონ, რომ მკვლელს აძლევენ ხმას და თავიანთ პრეზიდენტად მკვლელს აირჩევენ. ადამიანებმა, რომლებსაც დღეს ეკონომიკური ურთიერთობა აქვთ ამ კაცთან, უნდა იცოდნენ, რომ ლიდერობის დონის მიუხედავად, სისხლიან ფულს შოულობენ, რადგან მკვლელთან აქვთ კონტრაქტები… მოვლენები გვეუბნება, რომ პუტინი მკვლელია და ეს რიტორიკა არ არის. ეს სიგნალი არ არის. აბსოლუტურად ნათელია, რომ იგი მკვლელია და აქ საიდუმლოებები არ არსებობს”, – განაცხადა ზელენსკიმ.
47 წლის ალექსეი ნავალნის სიკვდილის ამბავი 16 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში გაავრცელა რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურმა.უწყების მტკიცებით, ნავალნი გასეირნების შემდეგ გახდა ცუდად და გონება დაკარგა. ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს.
პოლიტიკოსის ადვოკატმა ლეონიდ სოლოვიოვმა თქვა, რომ ადვოკატმა პატიმარი ოთხშაბათს მოინახულა და მაშინ ნავალნი თავს კარგად გრძნობდა. საზოგადოებრივი მონიტორინგის კომისიამაც განაცხადა, რომ ნავალნი ჯანმრთელობის პრობლემებს არ უჩიოდა. პროპაგანდისტული მედია ავიტარებს თრომბის ვერსიას.
ალექსეი ნავალნის დედამ დაწერა, რომ შვილი 12 თებერვალს მოინახულა და რომ ის “ცოცხალი, ჯანმრთელი, სიცოცხლით სავსე” იყო.