აფხაზეთის მცხოვრებლები აფხაზეთიდან რუსეთში ქართული პასპორტით გადადიან

Published:

ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის მიმოსვლა საქართველოს ბიომეტრიული პასპორტითაც შესაძლებელი გახდა. უკვე რამდენიმე კვირაა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები ფსოუს საზღვარს ე.წ. აფხაზურ ბინადრობის მოწმობასთან ერთად, ქართული პასპორტითაც კვეთენ.

BMG-ის წყარო ქალაქ გალიდან უყვება, რამდენიმე დღის წინ “ფსოუს” საზღვარი მან ქართული პასპორტით გადაკვეთა.

“აქ მცხოვრები ქართველების უმეტესობას ბინადრობის მოწმობა გვაქვს. აქამდე რუსეთში წასასვლელად აფხაზეთის ე.წ. საზღვარგარეთის პასპორტი იყო საჭირო. ვისაც ბინადრობის მოწმობა გვქონდა, მხოლოდ ზუგდიდში გადასვლა შეგვეძლო. ახლა ბინადრობის მოწმობასთან ერთად, საქართველოს ბიომეტრიულ პასპორტს რომ აჩვენებ, საზღვარზე გიშვებენ”, – აცხადებს გალის მცხოვრები.

კიდევ ერთი წყარო ტყვარჩელიდან ამბობს, რომ რუსეთში ორი კვირის წინ ქართული პასპორტით გადავიდა.

“პრობლემა არ შემქმნია. მხოლოდ აფხაზური ბინადრობის მოწმობით არ გამიშვეს, ქართული პასპორტი გჭირდება”, – თქვა მან.

აღსანიშნავია, რომ ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთის ფედერაციაში წასასვლელად ე.წ. აფხაზური ან რუსული პასპორტი იყო საჭირო. მოქალაქეებს, რომლებსაც ე.წ. აფხაზური ბინადრობის მოწმობა ჰქონდათ, “ფსოუს” გადაკვეთა აკრძალული ჰქონდათ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img