რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქუთაისში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას აგრძელებს. პროგრამის ფარგლებში, რეაბილიტაცია უტარდება ისტორიულ ბულვარს. დამუშავდა პარკის რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაცია.
სპეციალისტების მიერ დამუშავებული რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით, პარკის გეგმარება რჩება უცვლელი და განახლდება მხოლოდ არსებული ინფრასტრუქტურა. რეაბილიტაციას საქართველოს მთავრობა 14.9 მილიონი ლარით აფინანსებს. მოეწყობა სარწყავი და სადრენაჟე სისტემები და დენდროლოგიური პროექტის შესაბამისად, ტერიტორიას დაემატება ახალი ხე-მცენარეები. დამონტაჟდება ენერგოეფექტური განათების ბოძები, განახლდება არსებული შადრევნები, მოპირკეთდება საფეხმავლო ბილიკები. მოეწყობა გვირილების მოედანი და ვარდების ხეივანი, ბულვარში განთავსდება მედიათეკა.
ცენტრალური პარკის პროექტის დეტალებს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი არქიტექტორებთან, ინჟინრებთან, დენდროლოგებთან, ადგილობრივი ხელისუფლების და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.