შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლოში სხდომა მიმდინარეობს

Published:

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმიდან გამოყოფილ ერთ-ერთ ეპიზოდზე ბრალდებულების, ნიკოლოზ რევაზიშვილის, ვახტანგ ჩიქოვანისა და არჩილ გაგნიძის საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში სხდომა მიმდინარეობს.

აღნიშნული პირები გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურ მკვლელობაში უკვე მსჯავრდებულები არიან.

თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულებს თავდაპირველად, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ სურდათ საქმის განხილვა, თუმცა, მათ მოგვიანებით აღნიშნულზე უარი განაცხადეს, რის შემდეგაც საქმეს ახლა უკვე მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილი განიხილავს.

აღნიშნული ეპიზოდი „ქემრის“ მგზავრების მიერ გურამ ამირხანაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას ეხება.

როგორც საქმის პროკურორი გიორგი მუკბანიანი აღნიშნავს, ბრალდებულების წინააღმდეგ საქმეში არაერთი მტკიცებულებაა წარმოდგენილი.

„აღნიშნული გარემოებები, რაც მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე უნდა გამოვიკვლიოთ, უკვე დადგენილი და დადასტურებულია სასამართლოში უკვე განხილულ 3 სისხლის სამართლის საქმეზე. შესაბამისად,მათი განხილვის შედეგად, გამამტყუნებელი განაჩენი დადგინდება“,- განაცხადა მუკბანიანმა.

ბრალდებულ არჩილ გაგნიძის ადვოკატის, ბექა ნემსიწვერიძის განმარტებით, დაზარალებულმა გური ამირხანაშვილმა ჩვენება შეცვალა და აცხადებს, რომ მას „ქემრის“ მგზავრებმა თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს. დაცვის მხარეს გამამართლებელი განაჩენის გამოტანილის მოლოდინი არ აქვს.

„თავისუფლების აღკვეთის ნაწილი ამ საქმეში ცნობილ ცრუ მოწმეს, გური ამირხანაშვილს ეხება, რაც შეეხება ჯგუფურ ძალადობას, რამდენიმე დაზარალებული პირის მიმართ ედავებიან. უდავოა, რომ „ქემრის“ მგზავრებს არავისზე უძალადიათ და არც დავობს პროკურატურა, უბრალოდ საქმეა ჯგუფურ ძალადობაზე და როგორც ამ პროცესში ჩართულ პირებს, მათაც წარედგინათ ბრალი. გური ამიხრხანაშვილისთვის თავისუფლება არ აღუკვეთავთ, ის მცხეთიდან „დიდუბემდე“ წამოიყვანეს. გამოკითხვის ოქმებში ის აღნიშნავდა, რომ თავისი ნებით წამოჰყვა „ქემრის“ მგზავრებს. თუმცა, პროკურატურის ძალისხმევით მან ჩვენება შეცვალა და მიუთითებდა, თითქოს, მას თავისუფლება აღკვეთეს. „ქემრში“ მსხდომ კიდევ სამ პირს უკვე აღნიშნულ ეპიზოდზე მისჯილი აქვთ, მათგან ორი არასრულწლოვანი იყო და მათი საქმე ცალკე იყო გამოყოფილი, ასევე „ქემრის“ მძღოლის საქმეც ცალკე წარმოებად მიმდინარეობდა“,- განაცხადა ნემსიწვერიძემ.

დაკავებულები წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ.

ცნობისთვის, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანსა და არჩილ გაგნიძეს გურამ ამირხანაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ ჯგუფურ ძალადობაშიც. ამავე ეპიზოდზე „ქემრის“ 3 მგზავრი უკვე მსჯავრდებულია და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დამდგარია, მათი საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობდა. ვახტანგ ჩიქოვანი, არჩილ გაგნიძე და ნიკოლოზ რევაზიშვილი მსჯავრდებული არიან გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურ მკვლელობაში და 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img