ამ დღეს პატივს მიაგებენ 1921 წლის 23 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან გამართულ ბრძოლაში დაღუპულ ახალგაზრდა იუნკერებს. 1919 წელს შექმნილი სამხედრო სკოლის იუნკერები ისტორიაში სწორედ 1921 წლის თებერვლის ბრძოლების შემდეგ შევიდნენ. წელს ამ ბრძოლიდან 102 წელი გავიდა.
საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან (1918 წლის 26 მაისი) სამ წელში, 1921 წელს საბჭოთა რუსეთის ხელმძღვანელობამ ძალის გამოყენებით საქართველოს დაპყრობის გადაწყვეტილება მიიღო.
რუსეთის წითელი არმია საქართველოში 1921 წლის 12 თებერვალს შემოიჭრა. დამპყრობელთან ყველაზე მძაფრი ბრძოლები კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში გაიმართა, მე-11 არმიას ქართული ჯართან, სახალხო გვარდიასთან და მოხალისეებთან ერთად დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს იუნკრებმაც . მათ ერთხანს კიდეც უკუაგდეს მტერი. თუმცა განახლებული შეტაკებების შედეგად იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაეცა. თბილისის მისადგომებთან ბრძოლაში დაიღუპა პოეტ კონსტანტინე მაყაშვილის 20 წლის ქალიშვილი მარო მაყაშვილიც , ის ბრძოლის ველზე მედდად მუშაობდა და ყუმბარის ნამსხვრევით სასიკვდილოდ დაიჭრა კეფაში.
23 თებერვალს კოჯრისა და ტაბახმელას ტერიტორიაზე ბრძოლები შეწყდა.
კოჯრის მახლობლად გმირულად დაღუპული იუნკრები ეკლესიის ეზოში დიდი პატივით დაკრძალეს.
1921 წლის 25 თებერვალს კი საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმია თბილისში უბრძოლველად შეიჭრა. მოკავშირეების დარჩენილმა ქვეყანამ რუსეთის არმიას სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია, რუსეთმა საქართველოს დედაქალაქი დაიკავა და აქ საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა.
ტაძრის ადგილზე სადაც იუნკრების საფლავები იყო ამჟამად საქართველოს პარლამენტის შენობა მდებარეობს. აღნიშნული ტაძარი 1930 წელს კომუნისტებმა დაანგრიეს.