NDI-ის რეკომენდაციები საპარლამენტო არჩევნებისთვის

Published:

NDI-ის  წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისია დასრულდა. დელეგაცია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის შემუშავებულ რეკომენდაციებს აქვეყნებს.ანგარიშში აღნიშნულია, რომ არჩევნებამდე რვა, ხოლო წინასაარჩევნო კამპანიების დაწყებამდე ექვსი თვით ადრე არაერთი დადებითი ტენდენცია შეინიშნება, მათ შორის: მოსახლეობის მიერ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის ურყევი მხარდაჭერა, საზოგადოების დადებითი განწყობა პოლიციის მიმართ, მოსახლეობის აღქმით წვრილმანი კორუფციის შემცირებული დონე, გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით სამთავრობო დადგენილებების გასაჯაროების პრაქტიკის განახლება და არჩევნების დღის პროცესების გაუმჯობესების მიზნით ინოვაციების დანერგვა.

ამავდროულად, არსებობს საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომლებიც გადაჭრას საჭიროებს: პოლარიზაცია, სამოქალაქო საზოგადოების (მათ შორის სადამკვირვებლო ორგანიზაციების) წინააღმდეგ მიმართული სიტყვიერი თავდასხმები, პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით ადმინისტრაციული რესურსების არაკეთილსინდისიერად გამოყენების შესახებ არსებული ეჭვები და ახალი საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებული კითხვები.

„ეს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ პირველი არჩევნებია. შესაბამისად, საქართველოს მთავრობასა და ყველა სხვა დაინტერესებულ მხარეს შესაძლებლობა ეძლევა, დაამტკიცოს ერთგულება ინკლუზიური, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული არჩევნებისა და დემოკრატიული ფასეულობების მიმართ”, – განაცხადა პერ ეკლუნდმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ყოფილმა ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, არჩევნების საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ არჩევნების სანდოობის უზრუნველყოფასა და გლობალური დემოკრატიული სტანდარტების დაცვაში.ცნობისთვის, 19-25 თებერვალს საქართველოში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისია იმყოფებოდა. აღნიშნული დელეგაცია 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე დაგეგმილი ორი წინასაარჩევნო მისიიდან პირველს წარმოადგენდა.

მისია მიზნად ისახავდა ქვეყანაში არსებული ზოგადი პოლიტიკური გარემოს მიუკერძოებელ და ზუსტ შეფასებასა და მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესების მიმოხილვას; აგრეთვე, უფრო ინკლუზიური, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული საარჩევნო პროცესების ხელშესაწყობად პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავებასა და საქართველოში სანდო არჩევნებისა და დემოკრატიული მმართველობისადმი საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის დემონსტრირებას.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img