ივანიშვილის პარტია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხელი შეუშალოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ .
მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ევროინტეგრაციის პროცესზე, 9 პუნქტის შესრულებასა და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრებენ.
როგორც გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს განვითარებისთვის.
„გასულ წელს ქართველმა ხალხმა დიდი ბრძოლის შედეგად, კანდიდატის სტატუსი მოიპოვა, ვფიქრობ, წელს მნიშვნელოვანია, ხალხმა გაიმარჯვოს არჩევნებში და სწრაფად გავწევრიანდეთ ევროკავშირში. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საკითხს, ხაზგასმით ვამბობ, ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობა და პოლიტპატიმრები ციხეში არის შეუძლებელი. ჩვენ ყველა საკითხზე გვექნება საუბარი, პირველ რიგში, პრეზიდენტს მოვუსმენთ იმიტომ, რომ ის არის ინიციატორი. ვფიქრობ, ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებისთვის ერთიანობაა საჭირო. ამიტომ ვართ დღეს აქ, მოვისმენთ პრეზიდენტის პოზიციებს”, – განაცხადა ვაშაძემ.
მისი შეფასებით, ხელისუფლება 9 პუნქტს არ ასრულებს მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი სწორედ ამისკენ მოუწოდებს.
„ძალიან მნიშვნელოვანია საერთო სამოქმედო გეგმა 9 პუნქტთან დაკავშირებით. ვფიქრობ, სააკაშვილის საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლება არის ამოცანა, რომელიც ყველას გვაქვს. არ უნდა შევხედოთ ამას პოლიტიკურ ჭრილში, არამედ სახელმწიფოებრივ ჭრილში უნდა განვიხილოთ, რადგან ამ საკითხს დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს განვითარებისთვის“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.