ტყუილია, რომ ანტიკორუფციული ბიურო და მისი ხელმძღვანელი ექვემდებარება პრემიერ-მინისტრს – დამოუკიდებლობა განისაზღვრება არა იმით, როგორ ხდება შერჩევა, არამედ იმით, ამ პოზიციაზე რა გარანტიები არსებობს და სწორედ ეს გარანტიები კიდევ უფრო დაზუსტდა და განმტკიცდა ახალი კანონპროექტის მეშვეობით, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ახალ ინსტრუმენტებს შორის, რომელმაც კიდევ უფრო მეტად უნდა უზრუნველყოს ანტიკორუფციული ბიუროს ეფექტურობა და დამოუკიდებლობა, არის იმუნიტეტი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის მიმართ და თანამდებობიდან გათავისუფლების დავიწროებული საფუძვლები.
„ეს ინსტრუმენტები, რომლებიც ჩვენ შემოგვაქვს, უზრუნველყოფს, რომ როგორც ეფექტურობა, ისე დამოუკიდებლობა ამ სამსახურისა იყოს უზრუნველყოფილი. კერძოდ, ჩვენ შემოგვაქვს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის მიმართ იმუნიტეტი, რომლის მოხსნაც შეეძლება მხოლოდ პარლამენტს. მეორე, კიდევ უფრო დაზუსტდა გათავისუფლების საფუძვლები და ყველას მოგიწოდებთ, ნახოთ კანონში – ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის გათავისუფლება ასე ხელაღებით არავის არ შეუძლია. არის აბსოლუტურად ობიექტური კრიტერიუმები, გაზომვადი კრიტერიუმები, მაგალითად, მოქალაქეობის დაკარგვა, გარდაცვალება და ა.შ. სადაც ეჭვგარეშეა, რომ ამ შემთხვევაში უფლებამოსილება უნდა შეწყდეს. ესეც მისი დამოუკიდებლობის კიდევ ერთი გარანტიაა. ასევე, რაც შეეხება ეფექტიანობას, შემოდის სპეციალური ადმინისტრაციული წარმოების ინსტრუმენტი, რომელიც მისცემს შესაძლებლობას ანტიკორუფციულ ბიუროს, რომ ამ მხრივ უფრო ეფექტიანი იყოს მისი გამოკვლევა. რაც შეეხება დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით ვითომდა კითხვებს და დაქვემდებარებას, პირველ რიგში, ეს არის ტყუილი, რომ ანტიკორუფციული ბიურო და მისი ხელმძღვანელი ექვემდებარება პრემიერ-მინისტრს. თქვენ, ალბათ, ამას ამბობთ იმიტომ, რომ მისი შერჩევის დროს კომისიის გადაწყვეტილების შემდეგ, დამტკიცება თანამდებობაზე ხდება პრემიერის მიერ, თუმცა შეგახსენებთ, რომ კომისია არჩევს კანდიდატურას, კომისიაში შედის სახალხო დამცველის წარმომადგენელი და სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. რაჟდენ კუპრაშვილის არჩევის დროს, შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა მის კანდიდატურას, ასე რომ, აქ არანაირი კითხვის ნიშნები არ არის. დამოუკიდებლობა განისაზღვრება არა იმით, როგორ ხდება შერჩევა, არამედ იმით, ამ პოზიციაზე რა გარანტიები არსებობს და სწორედ ეს გარანტიები კიდევ უფრო დაზუსტდა და განმტკიცდა ამ კანონპროექტის მეშვეობით“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.