ირაკლი ქადაგიშვილი – არ შეიძლება, სახელმწიფოს რომელიმე წარმომადგენელი, მით უმეტეს პირველი პირები, უხეშად ერეოდნენ საქართველოს ეკლესიის შიდა საქმეებში

Published:

არ შეიძლება, სახელმწიფოს რომელიმე წარმომადგენელი, მით უმეტეს პირველი პირები უხეშად ერეოდნენ საქართველოს ეკლესიის შიდა საქმეებში და იძლეოდნენ ისეთ შეფასებებს, რომლისაც არც პოლიტიკური, არც მორალური და არც კანონიერი უფლება არ გააჩნიათ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ირაკლი ქადაგიშვილს კითხვა დაუსვეს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ლონდონში, Chatham House-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც საქართველოს ეკლესიის როლის შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ აღნიშნა: „ეკლესიასთან დაკავშირებით კომპლექსური ვითარებაა, ერთ-ერთი მიზეზია პატრიარქის სისუსტე. ვიმედოვნებ, ეკლესია შეძლებს, აირჩიოს პროქართველი, პროევროპელი და არა პრორუსი პატრიარქი“.

როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, პატრიარქი თავისი შინაარსით არ არის ადმინისტრაციული თანამდებობა, ეს პირველ რიგში ეკლესიური და სულიერი განზომილების მქონე მდგომარეობა და ეკლესიის ხელმძღვანელობაა.

„საერო პირისგან ასეთი პირდაპირი და უხეში შეფასებები ყოვლად მიუღებელია. ქალბატონმა პრეზიდენტმა მითხრას საქართველოს ერთი პატრიარქი, რომელიც პრორუსული იყო, პროევროპული ან პროამერიკული. ყველა პატრიარქი არის პირველ რიგში ქრისტიანი და ეს არის მისი მთავარი დანიშნულება. მისი რელიგიური მრწამსი და მდგომარეობა, მათ შორის ეროვნულ მიკუთვნებაზე უფრო მაღლა დგას. თუ აინტერესებს უფრო ღრმად გაიგოს, როგორი იყო თუნდაც დღევანდელი პატრიარქის როლი საქართველოს ისტორიაში, მაშინ ალბათ უფრო მეტი უნდა წაიკითხის და ღრმად ჩაიხედოს ჩვენი პატრიარქის ცხოვრებაში, მათ შორი ყველაზე უფრო უმძიმეს წუთებში, როდესაც ქართველ ხალხს აგრესიის წინააღმდეგ პირისპირ უხდებოდა დადგომა, მაშინ პატრიარქი იყო ხოლმე სწორედ ის ადამიანი, რომელიც ბრძოლის ველზე ყველაზე უშიშრად ბოლომდე რჩებოდა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img