თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განცხადებები საზოგადოებაში ნიჰილიზმს და ევროპული მომავლის მიმართ არასწორ დამოკიდებულებას იწვევს.
კითხვას, უნდა მოხდეს თუ არა მათ მიერ გაკეთებული განცხადებებისა და ევროკავშირის აღმასრულებელი რგოლის პოზიციის გამიჯვნა, კახა კალაძე დადებითად პასუხობს.
„ქვეყანაში ევროინტეგრაციის პროცესს და ქვეყნის ევროპულ მომავალს მოსახლეობის 80%-ზე მეტი ემხრობა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. საზოგადოებას წარმოუდგენია, რომ ევროპა არის სამართლიანობა, სადაც დაცულია ადამიანის უფლებები, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, საკუთრების უფლებები და ა.შ. რა თქმა უნდა, როდესაც თეთრზე შავს გეუბნებიან, მსგავსი განცხადებები, დამაზიანებელია, საზოგადოებაში იწვევს ნიჰილიზმს და არასწორ დამოკიდებულებას ევროპული მომავლის მიმართ. შესაბამისად, ძალიან ცუდი და ოდიოზურია, ზოგიერთი ევროპარლამენტარის მხრიდან მსგავსი ტიპის განცხადებების გაკეთება. რა თქმა უნდა, ევროკავშირის აღმასრულებელი რგოლი ამ განცხადებებს უნდა გაემიჯნოს“, – განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, მსგავსი ტიპის განცხადებები საგარეო ურთიერთობებსაც აზიანებს.
„დღეს ძალიან ბევრი ითქვა ამ საკითხებთან დაკავშირებით და აბსოლუტურად სხვა დამოკიდებულებაა. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ ყველაფრის ერთმანეთისგან გამიჯვნა, რადგან, როდესაც მსგავსი ტიპის განცხადებებით თეთრზე შავს გეუბნებიან, ეს საგარეო ურთიერთობებსაც აზიანებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
ევროპარლამენტში 28 თებერვალს ორი რეზოლუცია მიიღეს, რომლებშიც საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებიც შევიდა. ანგარიშები 2023 წლის საერთო საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკისა და თავდაცვის განხორციელების შესახებ მომზადებულია ევროპარლამენტარების, დევიდ მაკალისტერისა და სვენ მიქსერის მიერ.
ამასთან, ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ განაცხადა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში მისი მოთხოვნით შევიდა შესწორება, რომელიც მოუწოდებს სალომე ზურაბიშვილს, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.