ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი მავნე შედეგებისგან დაცვის მიზნით, მმართველი გუნდი, 2 კვირის ვადაში, ახალ საკანონმდებლო ინიციატივას წარადგენს.
საპარლამენტო უმრავლესობა აცხადებს, რომ არატრადიციული ცხოვრების წესის მიზანმიმართულ პროპაგანდას სახელმწიფო კანონის ძალით უნდა დაუპირისპირდეს. სახელისუფლებო გუნდში ასევე აცხადებენ, რომ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის პარალელურად, ნებისმიერი მოქალაქის უფლება, განურჩევლად ცხოვრების წესისა, პრინციპულად იქნება დაცული.
მმართველი გუნდი ოპონენტების მხრიდან სავარაუდო აგრესიული კამპანიის მოლოდინშია, ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ ამ კანონის მიღების აუცილებლობა არ არსებობს.
“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, მმართველ გუნდს, ამ კანონპროექტით, ამომრჩევლების გარკვეული ნაწილის გულის მოგება სურთ.
“ამას დავარქვი სასოწარკვეთილი ფარისევლების ინიციატივა. ცდილობენ მოიგოს რელიგიურად განწყობილი ადამიანების გულები, მრევლის გული, საზოგადოების გარკვეული ნაწილის გული. თუ ეს პრობლემა არსებობდა, რა თქმა უნდა, არსებობს საზოგადოებაში, რა გააკეთა “ქართულმა ოცნებამ” 12 წლის განმავლობაში? ჩვენ რომ მოვალთ ხელისუფლებაში, სხვანაირად დავარეგულირებთ ამ საკითხებს – ადამიანებს ექნებათ ცხოვრების წესის შესახებ სწორი განათლება, მეტი არაფერი. ეს საკითხი საინტერესოა ჩვენთვისაც, არ არის მარტივი საკითხი, ჯერ თქვან, რა უნდათ და მერე გადავწყვეტთ”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
პარტია “ლელოს” პოლიტიკური მდივნის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, “ქართული ოცნების” ეს კანონპროექტი რეალური პრობლემიდან ყურადღების გადატანას ემსახურება მიზნად.
“არ მგონია, რომ მოგონილ პრობლემებზე უნდა გადაიტანოს დისკუსია საზოგადოებამ. სწორედ ამას ემსახურება “ქართული ოცნების” ეს ინიციატივა – მოიგონოს, რომ არსებობს რაღაც პრობლემა და მერე ამაზე შექმნას მთელი PR კამპანია”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.