გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში ანნა ჩერნიშოვამ და მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებულმა დავით ნოზაძემ, ენერგოეფექტური ღუმელების ახლად გახსნილი საწარმო მოინახულეს.
კომპანიამ „ესკო-ესი“ ენერგოეფექტური ღუმელების საწარმოს მოსაწყობად 2 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა, შეღავათიანი აგროკრედიტის ოდენობა 1,5 მლნ ლარია, ხოლო 500,000 ლარი გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში მიიღო.
კომპანია, როგორც მწარმოებელი ჩართულია „ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამაში.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ ქვეყანაში ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვას, რათა შევამციროთ გარემოზე ზეწოლა. ახალი საწარმო სახელმწიფოს მხარდაჭერით გაიხსნა და კომპანიის მიერ დაფინანსების ნაწილი სრულად სახელმწიფოს მხრიდან იქნა მობილიზებული. მნიშვნელოვანია, რომ აქვეა საგანმანათლებლო კომპონენტიც, კერძოდ, განათლების სამინისტროს მხარდაჭერით პროფესიული კუთხით დაინტერესებული პირების გადამზადება ხდება. უნდა აღინიშნოს, რომ GIZ-ის მხარდაჭერით გვაქვს პროექტი, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მოსახლეობას, დაინტერესებულ პირებს, რომ შეისყიდონ ენერგოეფექტური ღუმელები და დაახლოებით 200-მდე ოჯახმა უკვე ისარგებლა. ვფიქრობთ, უფრო მეტ მხარდაჭერას, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს დაინტერესება ამ კუთხით.” – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
„ენერგოეფექტიანი ღუმელების გასათბობად გამოიყენება თხილის და კაკლის ნაჭუჭისგან დამზადებული ბიომასა, რაც ხელს უწყობს გარემოში ემისიების შემცირებას და ტყის რესურსების რაციონალურ გამოყენებას. UNDP-ს მხარდაჭერით, ადგილობრივ მაცხოვრებლებს 40 ენერგოეფექტიანი ღუმელი უკვე გადაეცა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში ანნა ჩერნიშოვამ.
კომპანიის „ესკო-ესი“ და მწვანე ინჟინერიის ცენტრის დამფუძნებლის ზაალ ხელაძის განცხადებით, სახელმწიფოს მხარდაჭერით გახსნილ ახალ საწარმოში 25 ადამიანია დასაქმებული. კომპანია 5 წლიანი პროექტის ფარგლებში 33 ათასი ღუმელის დამზადებას და საქართველოს სრულად მოცვას გეგმავს.
UNDP-ისა და GEF-ის მცირე გრანტების პროგრამების ხელშეწყობით, პროგრამის „განახლებადი და ენერგოეფექტიანი ტექნოლოგიების ხელშეწყობა მოსახლეობის სოციალურ ეკონომიკური სარგებლის უზრუნველყოფის და ყოფის გაუმჯობესების მიზნით“ ფარგლებში, კომპანია „ესკო-ესი“ ახორციელებს სოციალურ პროექტს „სითბო ყველას“, რომელიც ითვალისწინებს დუშეთის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ენერგოეფექტიანი ღუმელების უსასყიდლო გადაცემას.
აღსანიშნავია, რომ სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ ენერგოეფექტური წარმოების მხარდაჭერის მიმართულებით გაცემულია გრანტი 600,000 ლარზე მეტის ოდენობით, ამავე მიზნობრიობით გაცემული „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ოდენობა 1,7 მლნ ლარს აღემატება.
ახალი საწარმოს გახსნის ღონისძიებას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი, ადგილობრივი ხელისუფლების წევრები, ავსტრიის საელჩოს, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN), არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და ბიზნესის სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან.
წყარო: აგროკავკასია