ლევან ხაბეიშვილი – ჩვენ მზად ვართ ხალხის მიერ არჩეულ მანდატთან შევქმნათ კოალიცია

Published:

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პარტია კოალიციას იმ ოპოზიციონერ პარტიასთან ჩამოაყალიბებს, რომელსაც ხალხი მანდატს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მისცემს.

მისივე განცხადებით, კოალიციის შექმნას არა პარტია, არამედ, ხალხი წყვეტს.

„თქვენ რომ გესმოდეთ ეს კარგად, ჟურნალისტებს განსაკუთრებით, ვერც ერთი პოლიტიკური პარტია ვერ წყვეტს ვისთან გააკეთებს კოალიციას. ამას არჩევნებზე ხალხი გადაწყვეტს. მისი აღმატებულება ქართველი ხალხი ვისაც მისცემს მანდატს ჩვენ მზად ვართ მასთან შევქმნათ კოალიცია. უკეთ როგორ გიპასუხოთ, ამას ქართველი ხალხი წყვეტს. თქვენ გინდათ, რომ მე ვიმკითხაო და გპასუხობთ პრაქტიკაში როგორ მოხდება. ჩვენ პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური ძალა ვართ და იმ ხალხთან ჩამოვაყალიბებთ კოალიციას, ვისაც ხალხი აირჩევს“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

გარდა ამისა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების კამპანიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კამპანიის ფარგლებში, 100 ათასზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა.

„100 ათასზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით. ჩვენს მოქალაქეებს უნდა ესმოდეთ, რომ ჩვენი ევროპული პერსპექტივისთვის უმნიშვნელოვანესია 2024 წლის არჩევნები სამართლიანად ჩატარდეს და ამისთვის, მნიშვნელოვანია, მთავარი ოპოზიციონერი ლიდერი თავისუფალი იყოს“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img