საპარლამენტო უმრავლესობა ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს

Published:

ორ კვირაში დეპუტატების მაგიდაზე “ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის წინააღმდეგ” – ამ სახელწოდების, ახალი კანონპროექტი აღმოჩნდება. რა ჩაიწერება დოკუმენტში, ეს კანონმდებლების ხელშია, რადგან მმართველი გუნდი თემაზე სამსჯელოდ კარს ყველა კოლეგას უხსნის. კანონის კონკრეტულ შინაარსამდე უკვე გაცხადებულია მიზანი – საზოგადოების დაცვა ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი მავნე შედეგებისგან.

ოპოზიციამ საკუთარი როლი პროცესში ჯერ ვერ იპოვა. ჩაერთვებიან თუ არა დისკუსიაში, ეს ზოგიერთ პარტიაში გადაწყვეტილი ჯერ არ აქვთ. “სტრატეგია აღმაშენებელში” დარწმუნებული არიან, რომ ქვეყანაში ლგბტ თემის პროპაგანდის ნიშნები არ არსებობს და ტრადიციებს კანონმდებლობით დაცვა არ სჭირდება.

“სტრატეგია აღმაშენებელმა” ახალი ინიციატივის მიღმა პოლიტიკური ხაფანგი, “ლელომ” კი, PR სვლა დაინახა. ქვეყანაში ლგბტ თემის პროპაგანდის პრობლემა ყოფილი ბანკირების პარტიიდან არ ჩანს.

ალეკო ელისაშვილი კოლეგების მსგავსად ფიქრობს, რომ მმართველ გუნდს ყურადღება რეალური პრობლემიდან აბსტრაქტულზე გადააქვს. “მოქალაქეები” დისკუსიისთვის გახსნილ კარში შესვლას არ აპირებენ.

არარსებული არსებულია “გირჩისთვის.” პარტიაში ამბობენ, რომ ქვეყანაში ლგბტ პროპაგანდა არსებობს და მეტიც, არ მოსწონთ იდენტობის პოლიტიკაც. სწორედ ამიტომ, მათ საკანონმდებლო ორგანოს შესაბამისი ინიციატივით მმართველ გუნდზე ადრე მიმართეს და მოითხოვეს, კანონმდებლობიდან სიტყვა გენდერის ამოღება.

“ქართული ოცნების” ინიციატივაზე უმრავლესობის ლიდერმა ისაუბრა. მამუკა მდინარაძემ განმარტა, რომ ლგბტ პროპაგანდის კანონით დარეგულირება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც მსოფლიო მასშტაბით, ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელების კუთხით მძიმე ტენდენციები გამოიკვეთა.

საკანონმდებლოს აღმასრულებელი ხელისუფლების მხარდაჭერა ექნება. პრემიერ-მინისტრიs განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში პროცესში მონაწილეობას მთავრობაც მიიღებს.

ინიციატივა გაჟღერებულია. კონსულტაციები ხვალიდან დაიწყება. წინ საკომიტეტო განხილვებია, რის შემდეგაც ჯერი კენჭისყრაზე დადგება, კანონპროექტს კი კანონად 76 მწვანე ღილაკი აქცევს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img