გამოსახლებების შესაჩერებლად შექმნილ პეტიციას 5 000-მა მოქალაქემ ხელი უკვე მოაწერა. პეტიცია იპოთეკით „მევახშეებისგან“ დაზარალებულთა გაერთიანებამ შექმნა და მცირე დროში საჭირო ხმათა რაოდენობის მოგროვება შეძლო.
გაერთიანება იმედოვნებს, რომ მიმდინარე გამოსახლებებთან დაკავშირებით მორატორიუმი გამოცხადდება და საქართველოს მთავრობა საზოგადოების მოთხოვნას განიხილავს.
პეტიციის მიზანია უკანასკნელი საცხოვრებლიდან გამოსახლებების სერია იქამდე შეჩერდეს, სანამ სისხლის სამართლის გამოძიება შესაძლო თაღლითობისა და მითვისების ფაქტებთან დაკავშირებით არ დასრულდება.
ასოციაცია მზაობას გამოთქვამს საგამოძიებო უწყებებთან ითანამშრომლოს და მათ მევახშეების თაღლითური სქემების ამსახველი მტკიცებულებები გადასცეს.
იპოთეკით „მევახშეებისგან“ დაზარალებულთა გაერთიანება უკვე რამდენიმე წელია მევახშეებისგან დაზარალებული მოქალაქეების უფლებებს, როგორც სასამართლო ინსტაციებში, ასევე საგამოძიებო ორგანოებში იცავს.