არ ვიცი პირადია, პოლიტიკურია, დავალებაა თუ რაღაც ტრენდია, მაგრამ ყველა შემთხვევაში ეს არის მავნებლური გადაწყვეტილება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც საქართველოს პარლამენტის მიერ „საარჩევნო კოდექსში“ მიღებულ ცვლილებებზე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ დადებულ ვეტოს გამოეხმაურა.
მისივე განცხადებით, „ვეტოს არანაირი გამართლება არ აქვს“.
„არ ვიცი პირადი [ინტერესია] თუ რა არის, მაგრამ ფაქტია, რომ იმავე პოზიციაზე, პლატფორმაზე დგას, რაზედაც რადიკალური ოპოზიცია იგივე, რევოლუციური კომიტეტი. ძალიან კარგად იცის, შესანიშნავად, რომ არ შეიძლება ლიდერები თავმჯდომარე მოადგილე იყვნენ პოლიტიკური ლიდერები. შესანიშნავად იცის, რომ [გიორგი] კალანდარიშვილს ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს დღეს იმ კანდიდატთა შორის, რომლებმაც საბჭო გაიარეს. ისიც იცის, რომ არასამთავრობოებმა საბოტაჟი გამოუცხადეს, როდესაც შესარჩევი კომისია მუშაობდა. ყველაფერი მისთვის ნათელია. აქედან გამომდინარე, გამართლება არ აქვს, რასაც ჰქვია ვეტოს დადება. მხოლოდ იმ მიზნით, რომ მოგვიწოდებს შევთანხმდეთ რადიკალური ოპოზიციასთან, რომელსაც აბსოლუტურად სხვა იდეა აქვს, სხვა იდეა ამოძრავებს. მათ გარეშე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არსებული, მოქმედი კანონმდებლობით ვერავინ ვერ იქნება არჩეული. გამოდის, რომ ცესკო უნდა გადავაბაროთ საბოტაჟით განთქმულ პოლიტიკურ სუბიექტს. აი, ამას უჭერს მხარს პრეზიდენტი. არ ვიცი პირადია, პოლიტიკურია, დავალებაა თუ რაღაც ტრენდია, მაგრამ ყველა შემთხვევაში ეს არის მავნებლური გადაწყვეტილება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.