სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი პარლამენტის მიერ მისი კანდიდატურის ომბუდსმენის პოსტზე არჩევიდან ერთი წლის გასვლასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ის წერს, რომ არ იცის ვინ ენდობა და ვინ არა, მაგრამ ზუსტად იცის, რომ ემსახურება საქმეს, რომელიც უამრავი ადამიანის ცხოვრებას სასიკეთოდ ცვლის.
მისივე თქმით, პირველ რიგში, სურს გაამართლოს სახელი – სახალხო დამცველი.
“დღეს, 7 მარტს, ერთი წელი გავიდა, მას შემდეგ რაც საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველად ამირჩია. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ დეპუტატს ვინც ერთი წლის წინ ნდობა გამომიცხადა. ამ გადმოსახედიდან კარგად ჩანს, რამდენად მნიშვნელოვანი იყო, ჩვენი ევროპული მომავლისთვის, ამ საკითხზე კონსენსუსი მიღწევა.
სახალხო დამცველის ინსტიტუტს განსაკუთრებული გაფრთხილება სჭირდება, რადგან ის დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ ერთი საყრდენია, ხოლო ადამიანის უფლებები ნამდვილად არის ის ქვაკუთხედი რაზეც ჩვენი თავისუფლება დგას.
არ ვიცი ვინ მენდობით და ვინ არა, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ვემსახურები საქმეს რომელიც უამრავი ადამიანის ცხოვრებას სასიკეთოდ ცვლის. ამაში ყოველდღიურად ვრწმუნდები, როდესაც ვხვდები მოქალაქეებს, შევდივარ საპატიმროებში, სავადმყოფოებში, თავშესაფრებში და ა.შ.
მინდა იცოდეთ, რომ ამ ყველაფრის უკან დგას დაახლოებით 150 ადამიანის პროფესიონალიზმი, საქმისადმი, პრინციპებისა და ადამიანისა უფლებებისადმი ერთგულება და თავდაუზოგავი შრომა, რისთვისაც ერთი წლის თავზე მინდა მათ მადლობა გადავუხადო.
და ბოლოს, საქართველოს ბევრნაირი სახალხო დამცველი ჰყოლია, ბევრიც მეკითხება როგორ მინდა ვიყო მე? პასუხად გავიმეორებ, იმას რაც ვთქვი არჩევის დღეს პარლამენტში გამოსვლისას, რომ პირველ რიგში მინდა გავამართლო სახელი – სახალხო დამცველი”, – წერს იოსელიანი.