საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციით, უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, სამეცნიერო-აკადემიურმა წრეებმა და სტუდენტებმა საქართველოს პირველი ეროვნული გმირის, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, პარლამენტის ყოფილი წევრის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის, ჟიული შარტავას ხსოვნის უკვდავსაყოფად, მისი საფლავი გვირგვინით შეამკეს – 7 მარტს ჟიული შარტავას 80 წელი შეუსრულდებოდა.
სტუ-ის ცნობით, საუნივერსიტეტო საზოგადოებამ – რექტორმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალის ტერიტორიაზე, ეროვნული გმირის ბიუსტი ასევე ყვავილებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, საუნივერსიტეტო სივრცეში ჟიული შარტავას სახელი სამუდამოდ არის უკვდავყოფილი.
„შეუძლებელია საქართველომ ოდესმე დაივიწყოს ჟიული შარტავას გმირობა, რომელიც მთელი სიმძაფრით გვახსენებს სოხუმის დაცემას, სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპულ ვაჟკაცებს, ჟიული შარტავასთან ერთად დახვრეტილ გმირებს – გურამ გაბესკირიას, ვახტანგ გეგელაშვილს, რაულ ეშბას, მამია ალასანიას, ალექსანდრე ბერულავას და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 27 თანამშრომელს, საქართველოს სიყვარულით გულანთებულ ახალგაზრდების დიდ არმიას. შეუძლებელია, არ გხიბლავდეს ჟიული შარტავას პიროვნული სიდიადე, რისი შენარჩუნებაც მან სიცოცხლის ბოლო წუთებამდე შეძლო.