8 მარტთან დაკავშირებით, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო განცხადებას ავრცელებს

Published:

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო განცხადებას ავრცელებს.

„გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო ეხმიანება ქალთა საერთაშორისო დღეს, 8 მარტს და ქალთა ისტორიის თვის განმავლობაში გეგმავს ქალთა გაძლიერების, ინფორმირებულობის და ცნობიერების ამაღლების ხელშემწყობ ღონისძიებებს.

ახლო წარსულზე დაკვირვებით, ჩვენთვის ეს არის დღე, როდესაც გვაქვს შესაძლებლობა, შევაჯამოთ ჩვენი საქმიანობის წარმატებული შედეგები და მეორე მხრივ, ეს არის დღე იმის შესახსენებლად, რომ როგორც საბჭოს, ასევე საზოგადოებას კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო არსებითი თანასწორობის მიღწევისთვის.

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭო თავისი 20-წლიანი არსებობის მანძილზე ხელს უწყობს ქალებსა და კაცებს შორის თანასწორობის პოლიტიკის დანერგვას საკანონმდებლო დონეზე. მრავალი ადამიანის ძალისხმევითა და თავდაუზოგავი შრომით დროთა განმავლობაში, საბჭომ განიცადა ფუნქციური და უფლებრივი ცვლილება, რამაც დღეს ის აქცია გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე უმნიშვნელოვანეს სტრუქტურად, ამგვარად, მისი როლი საკვანძოა ქვეყნის განვითარებისა და საზოგადოებისთვის ცნობიერების ამაღლების საქმეში. სწორედ ამ პასუხისმგებლობით და საბჭოს როლის ზრდის საფუძველზე გახდა შესაძლებელი იმ ძირეული და ფუნდამენტური ცვლილებების მიღწევა, რითაც ძალიან ვამაყობთ და ვუახლოვდებით ჩვენს ევროპულ არჩევანს.

დავუპირისპირდეთ იმ უთანასწორობას, რასაც ჯერ კიდევ ვაწყდებით.

გვსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ ყველას, ვინც იბრძვის ქალებისა და გოგოების უკეთესი მომავლისთვის. ჩვენ გვჯერა, რომ სწორედ ერთობლივი ძალისხმევითა და შრომით მიიღწევა დიდი გარდაქმნები.

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭო ღიაა სასარგებლო ინიციატივებისათვის და თანამშრომლობისათვის. ამასთანავე, აგრძელებს თავის საქმიანობას გრძელვადიანი მიზნებისა და არსებითი თანასწორობის მისაღწევად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img