შესაძლებელი იქნება საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე სწავლება სრულად დისტანციური იყოს 

Published:

განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილეს კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც დისტანციური სწავლების რეფორმას ეხება.

მინისტრის თქმით, დასაშვები გახდება არსებულ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე გარკვეული წილობრივი დოზით თეორიული სწავლება ელექტრონულად წარიმართოს, ასევე, შესაძლებელი ხდება, როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამების სრულად ელექტრონული პროგრამის შექმნა.

“ეს ეხება მხოლოდ უმაღლეს განათლებას, და რიგ შემთხვევაში ასევე პროფესიულ განათლებას. ჩვენ რამდენიმე თვეა ვმუშაობთ როგორც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზზე, ასევე, არსებულ საქართველოში გამოცდილებაზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რიგ კომპონენტებში, ეს შეეხება როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამებს, როგორც არსებულ პროგრამებზე გარკვეული წილობრივი დოზით დაშვებული იქნება თეორიული სწავლებები ელექტრონულად, ასევე, ცალკე მიმართულებად შესაძლებელი ხდება, როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამების სრულად ელექტრონულად, დისტანციურად, ონლაინ პროგრამის შექმნა და შესაბამისი აკრედიტაციის გავლა და განხორციელება, როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ასევე უცხოელი მოქალაქეებისთვის და მესამე მიმართულება ეს გახლავთ საქართველოს მოქალაქეები ვინც სწავლობენ საზღვარგარეთის ქვეყნების ონლაინ, ელექტრონულ პროგრამებზე, მათი აღიარების დასაშვებობა, რომელიც აქამდე მოგეხსენებათ იყო აკრძალული, პირველ ეტაპზე ასეთ ქვეყნებად განისაზღვრა ევროკავშირის წევრი ქვეყნები, დიდი ბრიტანეთი და აშშ”, – თქვა ამილახვარმა.

უფრო კონკრეტულად, საქართველოს ტერიტორიიდან უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებული უმაღლესი განათლების აღიარება შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ პირს განათლება მიღებული აქვს:

იმ დაწესებულებაში, რომელიც მოქმედებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ან დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე და საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტებულია ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ან დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე მოქმედი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ქსელის (ENQA) წევრი და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR) რეგისტრირებული ორგანიზაციის მიერ, რომელსაც ამგვარი უფლებამოსილება გააჩნია შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე და საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტებულია ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე მოქმედი იმ ორგანიზაციის მიერ, რომელსაც ამგვარი უფლებამოსილება გააჩნია შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება შეეხება იმ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც არ მოიცავს პრაქტიკულ/ლაბორატორიულ/კლინიკურ/სამუშაო ადგილზე სწავლების კომპონენტებს და ითვალისწინებს შიდა საუნივერსიტეტო გამოცდების სტუდენტის მიერ არადისტანციური ფორმით ჩაბარებას.

მინისტრმა თქვა, რომ კანონის მიღების შემდეგ გაჩნდება სრულიად ახალი კონცეპტუალური მიდგომა და ტერმინი უმაღლესი განათლების კანონში – ონლაინ უნივერსიტეტის ცნება და მისი კონცეფციის დამუშავება სამინისტროს დაევალება.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img