თიბისი კაპიტალი: რეფინანსირების განაკვეთის 8%–მდე შემცირდება

Published:

თიბისი კაპიტალის პროგნოზით, 2024 წლის ბოლოსათვის რეფინანსირების განაკვეთის მიმდინარე 9%-დან 8.25%-მდე შემცირება იყო მოსალოდნელი. თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტი ყოველკვირეულ განახლებაში წერს, რომ ამასთან, თებერვლის ინფლაცია მოსალოდნელზე უფრო დაბალია, ისევე როგორც, შესაძლოა ერთჯერადად, თუმცა იანვარში, გასულ პერიოდთან შედარებით, უფრო ზომიერი საკრედიტო აქტივობა დაფიქსირდა. მისივე აზრით, სხვა მხრივ, სავალუტო შემოდინებები და ეკონომიკის ზრდის ნორმალიზება კვლავ შემცირების არგუმენტებია. 

„ამავდროულად, მაღალი გეოპოლიტიკური რისკების გარდა, გასათვალისწინებელია, რომ საქართველო და მსგავსი ქვეყნები ძირითადად აშშ-სა და ასევე გარკვეულწილად მაინც ევროზონაში არსებულ განაკვეთებზე არიან დამოკიდებული. საკუთრივ, ლარსა და დოლარს შორის საპროცენტო განაკვეთების დიფერენციალი გარკვეული ლიმიტით არის შეზღუდული. ამდენად, ამერიკასა და ევროზონაში სადღეისოდ არსებული მაღალი განაკვეთები, ზოგადად განვითარებად ქვეყნებში მონეტარული პოლიტიკის შერბილების საწინააღმდეგო, მართალია ერთ-ერთი, თუმცა მაინც ანგარიშგასაწევი გარემოებაა.

თუმცა, ასევე საყურადღებოა დოლარში დენომინირებული საქართველოსა და აშშ-ს სამთავრობო ფასიანი ქაღალდების საპროცენტო განაკვეთებს შორის განსხვავება, რაც ქვეყნის რისკ პრემიუმად მოიაზრება. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, ეს მაჩვენებელი შემცირდა, რაც ცალსახად დადებითი განვითარებაა და ლარში საპროცენტო განაკვეთების შემდგომი დაწევის რაციონალზე მიუთითებს.

მთლიანობაში, განახლებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ვფიქრობთ, რომ საბაზო სცენარი 2024 წლის ბოლოსათვის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის დაახლოებით 8%-მდე შემცირებაა“, – წერს თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტი.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img