რამდენი NGO 9 დათქმაზე ილაპარაკებს, თავისით სადღაც გამართავს შეხვედრას, იქ თუ ვირბინეთ, 9 დათქმა დაგვრჩება შეუსრულებელი, გვერდზე, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ევროკომისიის 9 დათქმის საკითხზე დღეს გამართულ შეხვედრას.
როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვედრაზე მიწვეული იყვნენ, თუმცა არ გამოცხადდნენ.
„დაგვიბარეს და არ მივედით. რამდენი NGO 9 დათქმაზე ილაპარაკებს, თავისით სადღაც გამართავს შეხვედრას, იქ თუ ვირბინეთ, 9 დათქმა დაგვრჩება შეუსრულებელი, გვერდზე. ამიტომ, სადაც ამაზე რეალური მუშაობა მიდის, იქ მობრძანდნენ და იმუშაონ, თუკი რამე უნდათ და აქ წარმოადგინონ წინადადებები. „ნაცურ“ შეკრებებზე თუ არ ვივლით, ძალიან დიდი ბოდიში. შესაბამისად, ამ „ნაცურ“ შეკრებას შემთხვევით არ ვამბობ. აბა, მოიძიეთ, ამ NGO-ს წარმომადგენელი, ამავდროულად, ახლად შექმნილი და გამოჩენილი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ხომ არ არის?! მოიძიეთ კარგად და ფოტოსურათებიდან დასკვნას გააკეთებთ“, – განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები პოლიტიკურ პარტიებს შეხვდნენ. დღევანდელ შეხვედრაზე სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა მესამე სექტორთან ერთად განიხილეს, თუ როგორ უნდა შესრულდეს ეფექტურად ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯი, რათა ქვეყანა გადავიდეს ევროინტეგრაციის შემდგომ ეტაპზე და ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გაიხსნას.