პოლიგრაფიულ საწარმო „კოლორ პაკში“ მზის პანელები დამონტაჟდა და ამოქმედდა 530 კილოვატი სიმძლავრის მზის ელექტრო სადგური, რომელიც წლის განმავლობაში 650,000 კილოვატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.
მზის ელექტროსადგური, რომლის მონტაჟი კომპანია „მზიანმა ველმა“ უზრუნველყო, უახლესი ტექნოლოგიების შედეგად შექმნილი ეკომეგობრული სისტემაა. ის მოიხმარს ბუნებრივ ენერგიას, რომელიც ტრადიციული რესურსებისგან განსხვავებით, ამოუწურავია და მოსაპოვებლად განსაკუთრებულ ძალისხმევას არ საჭიროებს. რაც მთავარია, მისი გამოყენებით არ წარმოიქმნება მავნე ნარჩენები და გარემოს არ ადგება ზიანი.
როგორც კოლორ პაკში განმარტავენ, დღეს გარემოზე ზრუნვის თვალსაზრისით ბევრი გამოწვევა არსებობს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, როგორც ინდივიდებმა, ისე კომპანიებმა ფეხი აუწყონ რეალობას და მწვანე პოლიტიკას შეუერთდნენ.
„გარემოზე ზრუნვის პროცესში ბიზნესის სოციალურ პასუხისმგებლობასა და მის ჩართულობას გადამწყვეტი როლი აქვს. გვჯერა და იმედს ვიტოვებთ, რომ სხვა ქართული კომპანიებიც აქტიურად ჩაერთვებიან აღნიშნულ პროცესში და თანამედროვე ტექნოლოგიებს დანერგავენ“, – აღნიშნეს კომპანიაში.
ქართული კომპანია „კოლორ პაკი“ 30 წელზე მეტია, რაც წარმატებით ოპერირებს. გაფართოების შემდეგ მან ეტიკეტების, შესაფუთი და სარეკლამო მასალებისა და სხვა მაღალტექნოლოგიური პოლიგრაფიული პროდუქციის წარმოება დაიწყო. ამასთან, კომპანია მუდმივად ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიებს, რაც ხარისხის შენარჩუნებაში ეხმარება.