ბელგოროდის ოლქიდან რამდენიმე ასეული ადამიანი ევაკუირებულია

Published:

რუსეთის ბელგოროდის ოლქის ხელისუფლებამ აღიარა, რომ საბრძოლო მოქმედებების გამო რამდენიმე ასეული ადამიანის ევაკუაცია დასჭირდა.

უკრაინასთან მოსაზღვრე ბელგოროდის და კურსკის ოლქების ზოგიერთ რაიონს უკვე რამდენიმე დღეა უტევენ შეიარაღებული ჯგუფები, რომელთა წევრები აცხადებენ, რომ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი, უკრაინის მხარდამჭერი რუსი მოხალისეები არიან. თავის მხრივ, რუსეთის ხელისუფლება თავდასხმებში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ადანაშაულებს.

დღეს, 15 მარტს, ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა სოციალური ქსელებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ სოფლებიდან: გორა-პოდოლი, გლოტოვო და კოზინკა ევაკუირებულია 400-მდე ადამიანი. გლადკოვის მტკიცებით, გასული ორი დღის განმავლობაში ბელგოროდის რეგიონში დაიღუპა 2 და დაიჭრა 26 მშვიდობიანი მოქალაქე.

14 მარტს, ღამით გავრცელებული ცნობებით, ინტენსიური ბრძოლა მიმდინარეობდა სოფელ კოზინკის რაიონში. შუაღამის შემდეგ გუბერნატორმა გლადკოვმა ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ კოზინკაში „ძალიან სერიოზული ნგრევაა“. ამასთან, გლადკოვი ირწმუნება, რომ ბელგოროდის რეგიონის ტერიტორიაზე „უკრაინის ჯარები არ არიან“ და ბრძოლა ოლქის საზღვრებს მიღმა მიმდინარეობს. ამას უარყოფენ მოხალისეთა ჯგუფები. მათი ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებები უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზეა.

დღეს დილით, ქალაქ ბელგოროდსა და მის მიმდებარე რაიონებში საჰაერო განგაში გამოაცხადეს „სარაკეტო დარტყმის საფრთხის“ გამო. მოგვიანებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბელგოროდის ოლქში „გაანადგურეს“ რეაქტიული ზალპური ცეცხლის სისტემა Vampire-ის 7 რეაქტიული ჭურვი. სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია გადაუმოწმებელია.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img