საქართველოს მთავრობა მოსკოვში მომხდარ ტერორისტულ აქტს გმობს. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა.
“საქართველოს მთავრობა გმობს მოსკოვში მომხდარ შემზარავ ტერორისტულ აქტს, რომლის შედეგად ათეულობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. ვუსამძიმრებთ რუს ხალხს. ვუსამძიმრებთ დაღუპულების ოჯახებს. დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – ვკითხულობთ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, ღამით მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში, “კროკუს სითი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში, შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წინასწარი მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვმა 60-ს გადააჭარბა. გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება “ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.