“ყველანი უნდა გავიდეთ ამ არჩევნებზე ერთი, ევროპული დროშის ქვეშ… ამ დროშას მე დავიჭერ და ვიქნები თქვენთან ერთად ბოლომდე, რომ გავიმარჯვოთ”, – ამის შესახებ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საუბრობს, “ქართული ოცნების” მიერ “რუსული კანონის” ხელახალ ინიცირებას ეხმაურება და საზოგადოებას მიმართავს. ის მოსახლეობას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მობილიზაციისა და ერთობისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ საჭიროა გაერთიანდეს ყველა, როგორც საზოგადოება, ისე პოლიტიკური პარტიები.
“პასუხი არის მხოლოდ ერთი – ეს არის არჩევნებით, სათქმელის თქმა. არჩევნები მოდის ცოტა ხანში, ხელისუფლებამ იცის ჩვენზე ბევრად კარგად, ყველაზე კარგად, თუ რა არის რეალური ციფრები. ძალიან კარგად იცის, რომ არც კონსტიტუციური უმრავლესობა, არც მიშას დაბრუნება, ეს ყველაფერი უკვე მითები არის, რითაც უნდათ, რომ შეაშინონ საზოგადოება. რეალობა არის, რომ არსებობს ქვეყანაში დიდი უმრავლესობა, რომელმაც იცის რა უნდა და უნდა ამ ქვეყნისთვის დამოუკიდებელი და ევროპული მომავალი. ჩვენ უნდა გავიდეთ არჩევნებზე, უდიდესი მობილიზაცია ამისთვის არის საჭირო და სწორედ არც უიმედობა, არც დეპრესია, არც პესიმიზმი, არც დიდად არეულობა, აქ საჭირო არის მომზადება. მომზადება იმისთვის, რომ ყველანი გავიდეთ ამ არჩევნებზე ერთი, ევროპული დროშის ქვეშ. რამოდენიმე პარტიით ალბათ, მაგრამ ერთი დროშის ქვეშ და ეს არის ევროპული დროშა, ევროპული სამოქმედო გეგმა, რომელზედაც ვმუშაობთ და გავერთიანდებით, რაც არ ნიშნავს პარტიების, მაინც და მაინც, გაერთიანება, მაგრამ ნიშნავს მათი გამსხვილება და, რაც მთავარია, ეს ნიშნავს საზოგადოების გაერთიანება, ეროვნული თანხმობა ევროპაზე. და ამ დროშას მე დავიჭერ ბოლომდე და ვიქნები თქვენთან ერთად ბოლომდე, რომ ჩვენ გავიმარჯვოთ, ევროპამ და ევროპულმა საქართველომ გაიმარჯვოს ამ მომავალ არჩევნებზე, “.
საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, რუსული კანონის ინიცირებით ოცნების ხელისუფლებამ უარი უთხრა ევროპას და იმ აუცილებელი რეკომენდაციების შესრულებას, რომელიც ევროკავშირმა საქართველოს განუსაზღვრა.
პრეზიდენტის თქმით, ხელისუფლებამ უარი უთხრა იუსტიციის რეფორმას – “მურუსიძეს და ჩინჩალაძეს არ გავწირავთო, საქართველოს ევროპული მომავლის სანაცვლოდაც კი”.
პრეზიდენტის თქმით, ხელისუფლებამ უარი უთხრა სამართლიან არჩევნებსაც, როდესაც ემიგრანტებს დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნაზე უარი უთხრა.
“არა ქალების უფლებებს და არა იმ ერთადერთ პრაქტიკულად შესრულებულ რეკომენდაციას, რაც გვქონდა გენდერულ თანასწორობაზე, უკან-უკან წავიდეთო და ქალები ბუტკაშიო;
არა- ანტიკორუფციულ ზომებს. პირიქით, თურმე არ უნდა ვიცოდეთ როგორ მდიდრდებიან ჩვენი მოსამართლეები, სასამართლოების თავმჯდომარეები თუ ყოფილი პრემიერები, მთავარია მდიდარი დედ-მამა ჰყავდეთ, ან შვილები , ან ძმები და საზოგადოებამ ამის შესახებ არაფერი იცოდეს…” აღნიშნა პრეზიდენტმა.