რა უნდა გავაკეთოთ თუ მეზობელი ხმაურობს, არ გვაძინებს და მასთან შეთანხმება ვერ შედგა – ასეთ შემთხვევებისთვის, არსებობს ხმის რეგულირების სტანდარტი, რომელსაც სამეზობლო ურთიერთობების სამოქალაქო კოდექსი არეგულირებს.
აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმის გადამეტებას თბილისის მასშტაბით დედაქალაქის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები აკონტროლებენ. მათ მოვალეობაში ადგილზე გასვლა და სიტუაციის შემოწმება შედის.
ინფორმაციის მიმწოდებლები ძირითადად არიან მოქალაქეები, რომლებიც ამავე სამსახურს ცხელი ხაზის ან Facebook-ის ოფიციალური გვერდის მეშვეობით უკავშირდებიან. ხმაურის ნორმის გადაჭარბებაზე მუნიციპალიტეტში ოფიციალური განცხადებებიც შედის.
ე.წ. ხმაურის კანონი, რომლის მიხედვითაც დღისა და ღამის საათებში საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაწესდა, 2017 წლიდან ამოქმედდა. აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმები განსხვავებულია დღისა (08:00 სთ-დან 23:00 სთ-მდე) და ღამის (23:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე) პერიოდებისათვის.
ხმაურის დასაშვებ ნორმად ბინებსა და სახლებში ითვლება არაუმეტეს 35 დეციბელისა დღისით და არაუმეტეს 30 დეციბელისა ღამით. სავაჭრო ობიექტებში — 55 დეციბელი, სამედიცინო დაწესებულებებში — 40, ხოლო სასწავლო დაწესებულებებში — 35 დეციბელი.
თუ ჩათვლით, რომ მეზობელმა ხმაურის დაშვებულ ნორმას გადააჭარბა და ის თქვენთვის აუტანელი გახდა, შეგიძლიათ გაასაჩივროთ. პირველ ჯერზე ურჩ მეზობელს გააფრთხილებენ, ხოლო თუ ერთი წლის განმავლობაში მსგავსი დარღვევა კიდევ დაფიქსირდა, 150 ლარით დააჯარიმებენ. ამავე პერიოდში ხმაურის დასაშვები ნორმის მესამედ გადამეტების შემთხვევაში, ფინანსური სანქცია 300 ლარს შეადგენს.
რაც შეეხება იურიდიულ პირებს, გაფრთხილების შემდეგ, თუ ერთი წლის განმავლობაში მსგავსი დარღვევა კიდევ დაფიქსირდა, ჯარიმის ოდენობა 500 ლარი იქნება, ხოლო ამავე პერიოდში ხმაურის დასაშვები ნორმის მესამედ გადამეტების შემთხვევაში, ჯარიმა 1000 ლარი იქნება.