საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონაცემებით, 2024 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ $278.5 მლნ შეადგინა, რაც 36.5%-ით ($160.0 მლნ–ით) ნაკლებია 2023 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
მარტში ფულადი გზავნილების 41,5% ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის – $115,53 მლნ და ამ მაჩვენებლის ზრდამ, წინა წლის მარტთან შედარებით, 10,84% შეადგინა. საპირისპირო სურათია სხვა ქვეყნების ჯგუფში, რომელშიც რუსეთის ფედერაციაც შედის. ამ ჯგუფიდან გზავნილების მოცულობა წინა წელთან შედარებით 51,26%–ით არის შემცირებული და $162,9 მლნ–ს შეადგენს.
უშუალოდ რუსეთს რაც შეეხება, ის გზავნილების უმსხვილეს წყაროდ რჩება და მარტში ამ ქვეყნიდან საქართველოში $53 მლნ შემოვიდა, რაც წინა წლის მარტის მაჩვენებელს 76,3%–ით ჩამორჩება.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.2% იმ 24 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა მარტში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 24 ქვეყანაზე გასული წლის მარტში მთელი ფულადი გზავნილების 97.3% მოდიოდა.
2024 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 29.3 მლნ აშშ დოლარი (78.6 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2023 წლის მარტის (30.5 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.8%-ით ნაკლებია.