პაპუაშვილი – ჩვენ არსად მივდივართ, ჩვენ ვართ იქ, სადაც ვართ და ჩვენ ვართ ევროპაში

Published:

ჩვენ არსად მივდივართ. ჩვენ ვართ იქ, სადაც ვართ და ჩვენ ვართ ევროპაში. ჩვენ ვართ ევროპა, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას, “საქართველო ევროკავშირში მიდის, თუ სად?”

პაპუაშვილის თქმით, ქვეყანას სჭირდება არა რომელიმე მიმართულებით სვლა, არამედ ჩვენ გვჭირდება განვითარება, როგორც ეკონომიკურად, ისე ინსტიტუციურად.

„უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, ჩვენ არსად არ მივდივართ, ჩვენ ვართ იქ, სადაც ვართ და ჩვენ ვართ ევროპაში. ჩვენ ვართ ევროპა. ეს არის მთავარი, რაც ხანდახან უნდათ, რომ დაგვავიწყონ. ჩვენ არამხოლოდ დღეს ვართ ევროპა, ჩვენ ვართ მათ შორის თანაშემოქმედი ევროპული კულტურის, ცივილიზაციის და მათ შორის, სამართლებრივი განვითარების. გადახედეთ, ჩვენ პირველ რესპუბლიკას 1918-21 წლების და ნახეთ, რა დემოკრატიული მიღწევები ჰქონდა ჩვენ პირველ რესპუბლიკას. ამიტომ, ჩვენ გვჭირდება არა რომელიმე მიმართულებით სვლა, არამედ ჩვენ გვჭირდება განვითარება, როგორც ეკონომიკურად, ისე ინსტიტუციურადვე, ვიყოთ, უპირველეს ყოვლისა, იმ დონეზე, რომ ამით ჩვენი მოქალაქეები იყვნენ კმაყოფილნი და ჩვენ თუ ჩვენ თავს მივხედავთ იმ მხრივ, რომ განვვითარდებით ეკონომიურად და ინსტიტუციურად, მერე ყველა სიამოვნებით მიგვიღებს ნებისმიერ გაერთიანებაში. რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ჩვენ ვართ ევროპის თანაშემოქმედები, ეს გულისხმობს, მათ შორის, რომ ევროკავშირი არის ის ბუნებრივი წიაღი, რომელმაც ჩვენ, საბოლოო ჯამში, უნდა მიგვიღოს საკუთარ წევრად“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

გარდა ამისა, მან უპასუხა შეკითხვას, ხომ არ ჩაიკეტება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველოსთვის ევროკავშირის გზა.

„ჩვენ იმასაც გვეუბნებოდნენ, რომ სააკაშვილს თუ არ გაუშვებთ ჩაიკეტება, „წითელი ხაზიაო“. გვეუბნებოდნენ და სხვათა შორის, დღემდე გვეუბნება ზოგიერთი, რომ სანქციებს თუ არ დავუწესებთ რუსეთ,ს ეს „წითელი ხაზია“ და ჩაიკეტებაო, მაგრამ ვნახეთ, რომ სააკაშვილი ციხეშია, სანქციები დაწესებული არ არის და ჩვენ კანდიდატის სტატუსი მაინც მოგვენიჭა. ჩვენ ვსაუბრობთ ევროკავშირზე, რომელიც არის თანასწორთა კავშირი. ჩვენ, მართალია ჯერ არ ვართ წევრი, რომ იგივე თანასწორობა გვქონდეს გადაწყვეტილების მიღებაში, მაგრამ აქედანვე თუ არ დავანახეთ ჩვენ მეგობრებს ევროკავშირში, რომ ჩვენ თანასწორად ვხედავთ საკუთარ თავს ევროკავშირში, ასე, რა თქმა უნდა, სხვაც არ შემოგვხედავს. ამიტომ, მთავარია ჩვენ გავერკვეთ, ჩვენ რა გვინდა, ჩვენ გვინდა, თუ არა, რომ დამნაშავე იყოს გარეთ? არ გვინდა – გვინდა, რომ დაისაჯოს. ამიტომ, ჩვენ თუ ეს გვინდა და ხალხი ამაზე ყალიბდება, ევროკავშირიც ამაზე წამოგვყვება. ჩვენ გვინდა თუ არა, რომ სანქციები დავუწესოთ რუსეთს და ამით, ფაქტობრივად, ომი ავტეხოთ ამ ქვეყანაში? გვინდა ეს, ჩვენ, საზოგადოებას? – არ გვინდა და რომ შევთანხმდით საზოგადოება, ვთქვით, არა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, არა სანქციებს და ომს საქართველოში, აი, სწორედ ევროკავშირმა თქვა, რომ კი ბატონო, თუ არა, მაშინ იყოს ასე და ასე მოგცემთ კანდიდატის სტატუსს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img