ნატალი საბანაძე – ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ალბათ, იქნება ყველაზე ბოლო ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება ევროკავშირმა აამუშაოს

Published:

საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტის უფროსი მკვლევრის და გიორგი გახარიას საერთაშორისო მრჩევლის, ნატალი საბანაძის განცხადებით, ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოსთვის გაფრთხილებაა და პირველი შედეგი, რაც შესაძლოა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებას მოჰყვეს, არა ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, არამედ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის გაყინვა იქნება.

საბანაძეს არ აქვს მოლოდინი, რომ ევროკავშირი საქართველოს ვიზალიბერალიზაციას უახლოეს მომავალში შეუჩერებს და ფიქრობს, რომ ეს, უკანასკნელი ინსტრუმენტი იქნება. როგორც ნატალი საბანაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რეზოლუციაშიც ჩანს იმედი იმისა, რომ „საქართველოს ხელისუფლება გაითვალისწინებს ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, პარტნიორებთან დადებულ პირობებს და არ წავა ამ ნაბიჯზე [კანონპროექტს არ მიიღებს]“.

„სანამ ვიზალიბერალიზაცია მოგვცემდნენ, ბევრი წინაპირობა იყო დასაკმაყოფილებელი, რაც მოიცავდა უვიზო რეჟიმის გეგმის შესრულება, რომელიც საქართველომ შეასრულა: ერთ-ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი არის ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და ადამიანის უფლებების პატივისცემა. სწორედ ეს მომენტი იყო აღნიშნული რეზოლუციაშიაც – გაფრთხილების სახე ჰქონდა, რომ თუ ქვეყანაში დაინახეს უკუსვლა, რომ ფუნდამენტური უფლებების და დემოკრატიული პრინციპების შელახვა ხდება, რომელიც ასევე გულისხმობს გამოხატვის და შეკრების თავისუფლებას, აქტიური სამოქალაქო საზოგადოების არსებობას, მთავარი საფუძველი, რაზეც ვიზალიბერალიზაციის გეგმის გადმოცემა დაეფუძნა, შეირყევა და დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. არ ველი, რომ ეს იქნება უახლოეს დროს მიღებული გადაწყვეტილება. ასევე, ვთვლი, რომ ეს იქნება ალბათ, ყველაზე ბოლო ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება ევროკავშირმა აამუშაოს. ძირითადად იმიტომ, რომ უპირველესად, ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით დაზარალდება საქართველოს მოსახლეობა და ხალხი, რომელსაც ეს რეზოლუციაც უჭერს მხარს. ამიტომ, რამდენადაც ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების შიდა პროცედურები მესმის, ეს არ იქნება პირველი, რასაც მიმართავენ. ჩემი აზრით, პირველი, რაც იქნება, ისაა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი გაიყინება. კანდიდატის სტატუსი მოგვცეს და შემდეგ უნდა გაიხსნას მოლაპარაკებები – ცალსახადაა ნათქვამი, რომ მოლაპარაკებები არ უნდა გაიხსნას ამ კანონის მიღების შემთხვევაში და ეს ალბათ, ნამდვილად იქნება შესრულებული. შემდეგ პროცესი უკვე დამოკიდებულება იმაზე, რა შედეგი მოჰყვება ამ კანონის იმპლემენტაციას და როგორი იმპლემენტაცია იქნება – რუსული კანონია თავისი სულისკვეთებით, მოტივაციით, ტექსტით და თუ რუსული ტიპის იმპლემენტაცია წავიდა, რეალური რეპრესიისა და წნეხის ინსტრუმენტად იქცა, რა თქმა უნდა, დაბრუნება ეს საკითხი და მაშინ როგორი გადაწყვეტილება იქნება, ძნელი სათქმელია“,- განაცხადა ნატალი საბანაძემ.

მისივე თქმით, ზოგადად, ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას „ევროპარლამენტარების აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერა არ სჭირდება“, თუმცა სჭირდება ევროპული საბჭოს თანხმობაც, რომელიც 27 ქვეყანას მოიცავს.

„ევროპარლამენტარების აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერა არ სჭირდება, მაგრამ პროცედურა საკმაოდ რთულია. წინადადება ჯერ კომისიამ უნდა დააყენოს. როგორც მიღება იყო, გაუქმებასაც იგივე პროცედურები აქვს – სჭირდება პარლამენტის თანხმობაც და საბჭოს თანხმობაც, რომელიც მოიცავს 27 ქვეყანას“,- განაცხადა ნატალი საბანაძემ. რაც შეეხება რეზოლუციის დანარჩენ ნაწილს და ხელისუფლების შეფასებებს, რომ ამ დოკუმენტს ჩალის ფასი აქვს, ნატა საბანაძე ამბობს, რომ რეზოლუციის იგნორირება არ ხდება და ის ევროპული საბჭოსა და კომისიისთვის რეკომენდაციაა. „ხელისუფლებას სჩვევია იმ რეზოლუციების დაკნინება, რომელიც არ აწყობს და იმ რეზოლუციების აღიარება, რომელიც აწყობს. რეალურად, რა ფასი აქვს რეზოლუციას – დიდი უმრავლესობით მიღებული რეზოლუციაა. ის არის სარეკომენდაციო ტიპის, არ მოიცავს ვალდებულებას. როგორც წესი, ევროპარლამენტის რეზოლუციები არ არის იურიდიულად დამავალდებულებელი, მაგრამ ევროპარლამენტს, განსაკუთრებით ლისაბონის ცვლილებების შემდეგ ევროკავშირის სტრუქტურებში, ევროპარლამენტს აქვს ძალიან დიდი როლი და მნიშვნელობა. არ ხდება იგნორირება ევროპარლამენტის რეზოლუციისაა, რომელიც რეალურად აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის – კომისიისთვის და საბჭოსთვის, რეკომენდაციას ნიშნავს. ამას მოჰყვება რაღაც რეაგირება და პასუხი. მით უმეტეს, როდესაც კომისიის და წევრი სახელმწიფოების, ასევე პარლამენტარების პოზიცია აბსოლუტურად ემთხვევა, ამას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს. ანუ, ევროპარლამენტმა დააფიქსირა საკუთარი პოზიცია და მოუწოდა კომისიას, რომ ძალიან ახლოს დააკვირდეს და შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღოს. აზრთა სხვადასხვაობა რომ იყოს აღმასრულებელსა და საკანონმდებლო სტრუქტურებს შორის, შეიძლება ვიფიქროთ, რომ დებატების საგანი გახდება და ლავირების სივრცე გამოჩნდება, მაგრამ რეალურად კომისიას, საბჭოს და ევროპარლამენტს შორის პოზიციების სრული თანხვედრაა. ამიტომ, იმ განცხადებებიდან გამომდინარეც, რომელიც გაკეთდა, უნდა ველოდოთ და დარწმუნებული ვარ, ასე იქნება, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, როგორც მინიმუმ, გაიყინება. რაც შეეხება სანქცირებას, ეს დადგება დღის წესრიგში. ეს არ იქნება ადვილად მიღებული გადაწყვეტილება, მაგრამ უნდა შევხედოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. რეალურად, კომისიას და საბჭოს მწვანე შუქი აქვს პარლამენტისგან, რომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილება, თუ საჭიროდ ჩათვლის, მიიღოს. ანუ, საფუძველი შექმნილია“,- განაცხადა ნატალი საბანაძემ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტი „საქართველოში უცხოური აგენტების კანონის ხელახლა შემოტანის მცდელობებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე მისი შეზღუდვების შესახებ“ მიღებულ რეზოლუციაში, რომელიც შესწორებებით დაამტკიცა, მოუწოდებს, განიხილონ ბიძინა ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება. ამასთან, ევროპარლამენტი იმეორებს მოწოდებას საქართველოს ხელისუფლების მიმართ, გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარული ნიშნით და დაუშვას მისი საზღვარგარეთ სათანადო მკურნალობა. გარდა ამისა, ევროპარლამენტი მოუწოდებს, დროულად შეაფასოს საქართველოს მიერ დაგეგმილი „უცხოელი აგენტის“ კანონის გავლენა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების უწყვეტ შესრულებაზე. ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებულ შესწორებაში ასევე საუბარია ლგბტქ+ შესახებ კანონპროექტის შესახებ. კიდევ ერთი შესწორებით, ევროპარლამენტი თვლის, რომ კანონმდებლობის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს, ვინც ხმა მისცა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის სასარგებლოდ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img