პაატა მანჯგალაძე – რუსული კანონი რეალური შანსია იმის დაკარგვის, რაც ხალხმა მოიპოვა

Published:

რუსული კანონით არათუ პროგრესი და ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანება გვაქვს, არამედ რეალური შანსია იმის დაკარგვის, რაც ხალხმა მოიპოვა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძეს ევროპარლამენტის მიერ გუშინ მიღებულ რეზოლუციაზე დაუსვეს კითხვა, კონკრეტულად კი, ვიზალიბერალიზაციის თემასთან დაკავშირებით გაკეთებულ ჩანაწერზე.

„„ქართული ოცნების“ დამსახურებით ჩვენ ვნახეთ ძალიან მძიმე სურათი. იმ რუსული კანონით, რომელიც პირდაპირი საბოტაჟი, რკინის კარია ჩვენსა და ევროპას შორის, არა თუ პროგრესი გვაქვს და დაჩქარებული წესით გაწევრიანება, არამედ რეალური შანსია იმის დაკარგვის, რაც ხალხმა მოიპოვა.

საუბარია უვიზო მიმოსვლის გაუქმების შესაძლებლობაზე. საუბარია იმაზე, რომ მოლაპარაკებების პროცესი დაიკეტება საქართველოსთვის, ვიდრე ეს რუსული კანონი იქნება. პირდაპირ ვუსვამ კითხვას კალაძეს, მდინარაძეს, კობახიძეს, ივანიშვილს, მათ ბელადს, რა დაგიშავათ საქართველომ? უვიზო იქნება მიმოსვლა თუ მის გარეშე, კალაძე მაინც წავა მილანში და შეიჭრის თმას თვეში ერთხელ, ან ღარიბაშვილი წავა დუბაიში „საგულაოდ“, მაგრამ საქართველოს მოქალაქემ რა დააშავა, რომელიც ევროპაში სასწავლებლად მიდის? სასწავლო ვიზებიც გართულდება. რა დააშავეს მოქალაქეებმა, რომლებიც სამუშაოდ მიდიან ევროპაში? ხომ გამოჩნდა, სულ ცალ ფეხზე ჰკიდია კალაძესაც, კობახიძესაც, მდინარაძესაც საქართველოს მოქალაქე. მათთვის მთავარია, თვითონ იყვნენ კარგად, მოიპარონ ბევრი ფული და შემდეგ ამ მოპარული ფულით „იგულაონ“. მტკიცებითში ვსაუბრობ, რადგან გუშინ კალაძემ მოიტყუა, როცა თქვა 27 ქვეყნის თანხმობა სჭირდება უვიზო მიმოსვლის გაუქმებასო. 27 კი არა, უმრავლესობითაც შესაძლებელია, რაც არ მიხარია, ცუდია, მძიმეა საქართველოსთვის და მე ამით კმაყოფილი ნამდვილად არ ვარ. ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი ხელისუფლება გვყავს, რომელიც ჩვენს პარტნიორებთან ყოველდღიურად აფუჭებს ურთიერთობას“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ევროპარლამენტმა გუშინ რეზოლუცია მიიღო, რომელიც სააკაშვილის გათავისუფლებას, ივანიშვილის დასანქცირებას, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ცვლილებებისა და გამჭვირვალობის კანონპროექტის გაწვევას ითვალისწინებს. 

რეზოლუციის ტექსტში ასევე არის ჩანაწერი ვიზალიბერალიზაციის თემაზე: „ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიას, დროულად შეაფასოს საქართველოს მიერ დაგეგმილი „უცხოელი აგენტის“ კანონის გავლენა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების უწყვეტ შესრულებაზე, კერძოდ კი, ფუნდამენტური უფლებების მაჩვენებელზე, რაც ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკის მნიშვნელოვანი კომპონენტია“.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img