„ქართული ოცნება“ პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ საქართველო მოქალაქეებისგან იცლება, რაც აჩვენებს იმას, რომ მათი რიტორიკა აბსოლუტურად თანხვედრაშია ბიძინა ივანიშვილის განცხადებასთან, რომ რაც მეტი წავიდოდა, მით უკეთესი, – ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ მიგრაციასთან დაკავშირებით “საქსტატის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეების ემიგრაციაში წასვლა “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესია.
“მე ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილის ინტერესია, რომელმაც არ დამალა ეს და რამდენიმე წლის წინ საჯაროდ თქვა, რომ რაც მეტი წავიდოდა, მით უკეთესი. ამიტომ ემიგრანტების ზრდა არ არის მხოლოდ ის, რომ მათ უკეთეს ქვეყანაში ცხოვრება უნდათ, არამედ არის ის, რომ საკუთარ სამშობლოში განვითარების და ელემენტარული არსებობის პირობები არ არის. შესაბამისად, “ქართული ოცნება”, რომელიც ვერ ხედავს პრობლემას იმაში, რომ საქართველო იცლება მოქალაქეებისგან და ადარებს ტურისტების გადინებას მიგრანტების გადინებას, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ აბსოლუტურად თანხვედრაშია მათი რიტორიკა ბიძინა ივანიშვილის იმ განცხადებასთან, რომელიც წლების წინ ჩვენ მოვისმინეთ, რომ ამასთან დაკავშირებით მას არანაირი წუხილი არ ჰქონდა და პირიქით მიესალმებოდა,” – განაცხადა აქუბარდიამ.
ცნობისთვის, “საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა. სტატისტიკის თანახმადვე, ემიგრანტების 62.2% შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას წარმოადგენს.
„2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 14.5 პროცენტით გაიზარდა და 205 857 კაცი შეადგინა.ამავე პერიოდში, იმიგრანტების 75.9 პროცენტი და ემიგრანტების 62.2 პროცენტი, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენენ. 2023 წელს, იმიგრანტების 44.6 პროცენტს, ხოლო ემიგრანტების 66.7 პროცენტს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ“,- აცხადებენ “საქსტატში”.