მდინარაძეს და ოხანაშვილს რომ მოეწონებათ, ეგეთი კითხვები სად შევაგროვოთ?! – ლევან ხაბეიშვილი

Published:

ყოველ 20 წუთში ერთხელ, ერთ პარლამენტარს აძევებენ, უკაცრავად, მაგრამ მდინარაძეს და ოხანაშვილს რომ მოეწონებათ ეგეთი კითხვები სად შევაგროვოთ?!- ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომელსაც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა სხდომიდან გააძევა.

ლევან ხაბეიშვილის შეფასებით, მმართველი პარტია იურიდიულ კომიტეტზე პროვოკაციებს განზრახ აწყობს, ვინაიდან მისივე შეფასებით, მათ ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან დასმული შეკითხვები არ მოსწონთ.

„122 შეკითხვა ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „სტრატეგია აღმშენებელს“ მომზადებული, ამ მუხლებთან დაკავშირებით. ყველა შეკითხვაზე ადამიანებს იპარავენ საკომიტეტო მოსმენიდან. ნახეთ, რომ ყოველ 20 წუთში ერთხელ ერთ პარლამენტარს აძევებენ, უკაცრავად, მაგრამ მდინარაძეს და ოხანაშვილს რომ მოეწონებათ, ეგეთი კითხვები სად შევაგროვოთ და საიდან მოვიტანოთ. ხომ ამბობდნენ, მუხლობრივად იყოს განხილვაო, ჩვენ მზად ვართ, მიუხედავად იმისა, რომ პროვოკაციებს აწყობენ, კონსტრუქციულად განგვეხილა ყველა მუხლი. ყველა მუხლზე, სადაც ოპოზიციონერი დეპუტატები კითხვას სვამდნენ, აძევებდნენ. კითხვები რომ არ მოსწონთ მერე აძევებენ. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ამ კანონის მიღება ეს არის პირდაპირი დავალება. ეს კანონი რად უნდა, ანრი ოხანაშვილმა თვითონაც არ იცის. კონკრეტული დავალება აქვთ და ასრულებენ. ამ კანონს არანაირი ფუნქცია არ აქვს, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ. ერთადერთი მიზანი – უარი თქვან ევროკავშირზე, პრობლემები შეუქმნან სიტყვის თავისუფლებას, არასამთავრობო ორგანიზაციებს. ამ ქვეყანაში დააბნელონ, ფეხებზე დაიკიდონ ჩვენი პარტნიორები. ლაპარაკობენ იმ დასავლეთზე, რომელიც მილიარდობით ლარით ეხმარება საქართველოს. ევროკავშირზე უარი ნიშნავს 10 მილიარდ დოლარზე მეტის დაკარგვას. ივანიშვილი იღებს კანონს ხელების გადაგრეხით, რომელიც არავის სჭირდება“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით დღეს განიხილავს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ სხდომათა დარბაზიდან ლევან ხაბეიშვილის გარდა კიდევ რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატი გააძევა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img