გეყოთ ვაჟკაცობა და პირდაპირ თქვით, თქვენმა ბელადმა და შეშინებულმა ფსიქოპატმა გუშინ თქვა, რომ არ უნდა ევროკავშირი და უნდა რუსეთი, – ასე მიმართა “ქართული ოცნების” დეპუტატებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პლენარულ სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ.
მისი თქმით, ხელისუფლება ამბობს, რომ კანონპროექტის სულისკვეთებას და მიზანს გამჭვირვალობა წარმოადგენს, სინამდვილეში კი, ხალხს ატყუებს.
„გუშინ, კომიტეტზეც დავსვი შეკითხვა და ხალხს ნუ ატყუებთ, უთხარით, რომ ისედაც არის ეს გამჭვირვალობა, ისედაც აკონტროლებთ ყველა გადარიცხვას, არანაირი შავი ფული არ არსებობს, არანაირი დანაშაული არ არსებობს, რასაც აღიარებთ, ამისთვის სხვა უწყებები არის, კანონი მაგას არ შეეხებაო. აბა, რას იტყუებით, რას ცრუობთ? ტელევიზიაში სხვა რამეს ჰყვებით, მერე ტექნიკურად მუხლთან დაკავშირებით კითხვას დაგისვამთ [და ამბობთ,] „არა, ეს არაფერ შუაშია“. სისხლის სამართლის დანაშაული იყო სადმე, რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ ჩაიდინა? ან პირობითად, სადმე აიპი-ში, ფონდში იცით, ასეთი რამე? [ამბობთ] არა, როგორ გეკადრება, ასეთი არ ვიცით, ასეთი რომ იყოს, ამისთვის სხვა უწყებები არსებობსო“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
რაც შეეხება გადარიცხვებს, მისი თქმით, ამ ყველაფერს ფინანსთა სამინისტრო აკონტროლებს.
„მიზანმიმართულად აკეთებთ ერთადერთი რამის გამო, რომ ევროკავშირზე თქვათ უარი, ეს კანონი ამისთვის გინდათ. ნუ აყრით მოსახლეობას ნაცარს თვალში, რომ თითქოს რამე არ იცით. სუს-ი, ფინანსთა სამინისტრო, სხვადასხვა ძალოვანი უწყებები აკონტროლებენ აბსოლუტურად ყველა გადარიცხვას. თუ რამე დანაშაულია, ერთზე მაინც არსებობს გამოძიება-მეთქი? და არ არსებობს, როგორ გეკადრებათ, ასეთი რამ არ არისო. გამჭვირვალობა რომ იყოს თქვენთვის მართლაც მნიშვნელოვანი და უცხო ქვეყნის აგენტურა გაინტერესებდეთ, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა თქვა, რომ ოთარ ფარცხალაძე არის „ეფესბეს“ აგენტი. მასზე ერთი კითხვა არ დაგისვამთ, საქართველოს პროკურორის გარდა რამდენი პარლამენტარის, ბიზნესპარტნიორია ფარცხალაძე და რამდენთან მოჰქონდა ჩემოდნით „შავი ფული“. როცა ვამბობდით, რომ აქ საგამოძიებო კომისია შეიქმნას ფარცხალაძეზე, მხარი რატომ არ დაუჭირეთ? ან როდესაც მოსამართლეებზე ვითხოვდით გამჭვირვალობას და პარლამენტმა გამოიძიოს საქმე, მაშინ რატომ გაიპარეთ პარლამენტიდან? ეს არის თვალთმაქცობა და ტყუილი. ერთადერთი, რის გამოც ამას აკეთებთ, ბატონო ანრი [ოხანაშვილი], ეს არის ევროკავშირზე უარის თქმა. გეყოთ ვაჟკაცობა და პირდაპირ თქვით, თქვენმა ბელადმა და რაღაც შეშინებულმა ფსიქოპატმა გუშინ თქვა, რომ არ უნდა ევროკავშირი და უნდა რუსეთი“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.